ასოციაცია: ფეროშენადნობები 70-80%-ით არის გაძვირებული
2021 წელს 2020 წელთან შედარებით ფეროშენადნობების ექსპორტი 93%-ით გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოდან დაახლოებით $477 მილიონის პროდუქცია გავიდა. 2020 წელს კი ეს რიცხვი $247 მილიონი იყო.
მკვეთრად არის გაზრდილი პროდუქციის ფასიც. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი აცხადებს, მატება 80%-საც აღწევს.
„2021 წელი ფეროშენადნობებისთვის ძალიან პოზიტიური იყო. დიდი ხანია, ბაზარზე ასეთი პოზიტიური ტენდენციები არ ყოფილა, ალბათ, 12 წელზე მეტია. შეიძლება 2022 წელს ასეთი მაჩვენებლები არ იყოს, თუმცა ცუდი პროგნოზები არ კეთდება. მოთხოვნა ისევ დიდია, ამიტომ პოზიტიურად ვუყურებთ მიმდინარე წელსაც.
2021 წლის ბოლოს ფეროშენადნობების ფასმა $2 000-ს გადააჭარბა. ღირებულება დაახლოებით 70-80%-ით იყო გაზრდილი. ახლა მაჩვენებლებმა ცოტა დაიწია. დაახლოებით $150-$200-ით, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მაინც მაღალ ნიშნულზეა“,- განმარტავს კევლიშვილი.