ბიზნესი
20/08/2021

Art ხაჭო - ტრადიციული ფშაური საკვები და პატარა ოჯახური ბიზნესი

“Art ხაჭო“ მომხმარებლებს ნატურალურ პროდუქტს, დამბალხაჭოს სთავაზობს. ნინო ბორძიკულმა მცირე ბიზნესი პანდემიის დროს გაზაფხულიდან დაიწყო და თავისი საყვარელი საკვები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადა. “Art ხაჭოს“ პროდუქტი თიანეთში, სოფელ მაგრანეთში მზადდება. იყიდება წონით, 1 კგ-ს ღირებულება 40 ლარია. მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ადგილზე. აქვთ მიწოდების სერვისიც.

“ფშაური დელიკატესია, თიანეთში ვამზადებთ. მე და ჩემი მეუღლე წელს დავკავდით ამ საქმიანობით. საცდელი ვარიანტი იყო, პირველად გავაკეთეთ მომხმარებლებისთვის“, - ამბობს ნინო ბორძიკული “ბიზნესპარტნიორთან“.

დამბალხაჭო, ტრადიციული ფშაური საკვებია, განსაკუთრებული გემოთი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ღირებულებებით. მის მომზადებას რამდენიმე თვე სჭირდება. დამბალხაჭოსგან კეთდება ხაჭო ერბო, რომელიც ცხელი კერძია. თვითონ თიანეთში ამ კერძოს არაყთან და ნიორთან ერთად მიირთმევენ. ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ უმი, რომელიც შავ ღვინოსთან იდეალურია.

“დამბალი ხაჭო გუნდებად კეთდება. 1 კგ-ს ფასი კი 40 ლარია, თუმცა პერიოდის მიხედვით, ფასი მატულობს. ზამთარში შედარებით ძვირია. მიწოდებას რაც შეეხება, გვაკითხავენ ბინაზე, თბილისშიც ჩაგვაქვს“, - ამბობს ნინო ბორძიკული.

რაც შეეხება “Art ხაჭოს“ სამომავლო გეგმებს, ნინო ბორძიკული ფიქრობს, რომ მათი ბიზნესი გაფართოვდება. მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაღაზიაში გავა მათი პროდუქტი, ან საკუთარ მაღაზიასაც გახსნიან. დამბალ ხაჭოს ევროპის ბაზარზეც დიდი პერსპექტივა აქვს.

“ჩვენც უნდა ვნახოთ, როგორი ინტერესი იქნება და როგორ გავართმევთ თავს. წელს საცდელი ეტაპი იყო და პირველად გავაკეთეთ გასაყიდად. შემდეგ უკვე ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ მაღაზიებთან, უფრო მეტად გავაფართოვოთ ეს საქმიანობა და მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ.  

ამ ეტაპზე ბევრი მომხმარებელი არ გვყავს, თუმცა იმედი გვაქვს, მათი რიცხვი გაიზრდება და ჩვენც მეტი მოტივაცია გვექნება.

ევროპის ბაზარზეც ობიანი ყველი ძალიან ცნობილია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამბალხაჭო უფრო არომატულია და ვერ შევადარებ ვერცერთ სახეობას“, - აღნიშნა ნინო ბორძიკულმა.

ამასთან, ნინო ბორძიკული ამბობს, რომ მზად არის მომხმარებლებს დამბალი ხაჭოთი კერძის მომზადებაც ასწავლოს.

“თუ ვინმემ არ იცის დამზადება და პირველად უნდა გასინჯვა, ამაზეც არ ვეტყვით უარს. შევთავაზებთ გვესტუმრონ, მოვუმზადებ, დააგემოვნონ“, - აღნიშნა ნინო ბირძიკულმა.

დამბალხაჭოს კვერების მომზადების და გაშრობის შემდეგ, ის ინახება გრილ ქვევრში, ან თიხის ქოთანში. თიხის ქოთანი ისე ილუქება, რომ ჰაერი არ შევიდეს - ობი რომ მოეკიდოს, ზედმეტი ჰაერი არ უნდა მოხვდეს.  

“სანიტარული ნორმები დაცული უნდა იყოს, რადგან ობის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან საპასუხისმგებლოა, რამე არ გაიპაროს. პროდუქტი ადამიანისთვის ნატურალური და ძალიან სასარგებლოა“, - განმარტავს ნინო ბორძიკული.