არქი: ვაქცინაციის გააქტიურებასთან ერთად, სამშენებლო სექტორში ინვესტირება გააქტიურდება
დეველოპერული კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სამშენებლო ნებართვების რაოდენობის შემცირება პანდემიის პერიოდში ლოგიკურია და მსგავსი ტენდენცია მოსალოდნელიც იყო.
ხეცურიანი აცხადებს, რომ ადამიანები ასეთ სიტუაციაში ინვესტიციის განხორციელებას ერიდებიან. „არქის“ გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ შემდეგ კვარტლებში ვაქცინაციის გააქტიურებასთან ერთად, სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში ინვესტირება და გაყიდვები გააქტიურდება.
„არქის“ გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის ტრანზაქციები 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 4-5%-ით არის შემცირებული.
„ასეთ მცირე კლებას იპოთეკური სესხების სუბსიდირებას არ ვუკავშირებ, რადგან 3-4 თვეა ეს პროგრამა აღარ მუშაობს. თავის დროზე ამან იმუშავა, რომ ინდუსტრია მდგრადი ყოფილიყო და მნიშვნელოვანი რყევები არ მომხდარიყო. ეს კარგი პროექტი იყო, თუმცა დღევანდელი გაყიდვების მაჩვენებელი და ტენდეცია არის ადამიანების მოლოდინები და განწყობა, რომ ბინები შეიძინონ,“ - აცხადებს ხეცურიანი.
რაც შეეხება დეველოპერული კომპანია „არქის“ მოლოდინებს, ხეცურიანი აცხადებს, რომ პანდემიის მიუხედავად კომპანია ორ დიდ პროექტს მაინც იწყებს, საუბარია, დიდ დიღომსა და მუხიანში საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე. წლის განმავლობაში დაგეგმილია კიდევ 2 ახალი პროექტის დაწყება.
„ვიმედოვნებთ, რომ წლის მეორე ნახევარში ქვეყანაში უკეთესი გარემო იქნება როგორც ბიზნესისთვის, ისე ჯანდაცვის მიმართლებით,“ - აცხადებს ხეცურიანი.
შეგახსენებთ, საქართველოში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-მარტში 1931 ნებართვა გაიცა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,5%-იან ვარდნას აჩვენებს. სულ ნებართვა 1301,2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზეა (-15,4%) გაცემული.
გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები.
სულ, 2021 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულია 341,9 ათასი კვ.მ ფართობის (-18,5%) 562 ობიექტი (+16,1).