ბიზნესი
27/04/2021

არაბულ კომპანიას "ახტალის" რეაბილიტაცია ისევ არ დაუწყია

სამკურნალო-ბალნეოლოგიური კურორტ „ახტალის“ რეაბილიტაცია ისევ არ დაწყებულა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კურორტის ხელმძღვანელმა გიორგი უტიაშვილმა განაცხადა, არაბი ინვესტორები სავარაუდოდ, კორონავირუსის პადემიის გამო, კურორტზე არ გამოჩენილან, შესაბამისად, განვითარების რა გეგმები აქვთ, ან როდისთვის დაიწყებენ რეაბილიტაციას, უცნობია.

უტიაშვილის განცხადებით, კურორტი  დამსვენებლის მიღებას 17 მაისიდან, ძველი ინფრასტრუქტურით განაახლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დამსვენებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები იყვნენ, გადავწყვიტეთ მუშაობა მაინც დავიწყოთ და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აქცენტი ადგილობრიც ტურისტებზე გავაკეთოთ. თუმცა, არის ქვეყნები, საიდანაც გვაქვს იმედი რომ შემოვლენ. რაც შეეხება ფასებს, მცირედით გავზარდეთ. ყველაფერი გაძვირდა და ჩვენც მოგვიწია ტარიფების გადახედვა," - აცხადებს უტიაშვილი.

რა ვალდებულებები აქვს არაბულ კომპანიას „ახტალასთან“ დაკავშირებით და შესრულების კუთხით რა სტატუსი აქვს ახლა - კითხვებზე პასუხს „ბიზნესპარტნიორი“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ელოდება.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3,76 მლნ ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომელიც საქართველოში 2019 წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ია, დირექტორი კი ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

„ახტალა" საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.