ბიზნესი
18/05/2021

არაბი ინვესტორები მთავრობას "ახტალის" რეაბილიტაციის გადავადებას სთხოვენ

არაბი ინვესტორები „ახტალის“ რეაბილიტაციის 2024 წლამდე გადავადებას ითხოვენ. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კურორტის მფლობელმა კომპანია „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ სააგენტოს ვალდებულებების გადავადების თხოვნით მიმართა.

„ინვესტორ კომპანიას მოთხოვნილი აქვს მასსა და სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის 2018 წლის 30 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების განსაზღვრული არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსის შექმნისა და ამ მიზნით, 12 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების შესრულების გადავადება 30.07.2024 წლის ჩათვლით,” - აცხადებენ სააგენტოში.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს წარმოება.

შეგახსენებთ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“ ელექტრონულ აუქციონზე 2018 წლის ივნისში 3,76 მლნ ლარად გაიყიდა. კურორტის ამჟამინდელი მეპატრონე შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიაა“, რომელიც საქართველოში 2019 წლის მარტში დარეგისტრირდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული Global Victory Investments Limited-ია, დირექტორი კი ირაკლი ხუჭუაა, რომელიც რეესტრის მიხედვით საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა.

„ახტალა" საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს.