არ მგონია, რესტორნებისთვის ონლაინ მიმართულების გააქტიურება გამოსავალი იყოს - ლევან კობიაშვილი
რესტორნებისთვის ონლაინ მიმართულების გააქტიურება არ მგონია გამოსავალი იყოს, - ასე ეხმაურება ცნობილი შეფი ლევან კობიაშვილი სარესტორნო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესებას, რამაც როგორც თავად ინდუსტრიის ნაწილი აცხადებს, შესაძლოა, არცთუ სახარბიელო შედეგები მოიტანოს. მათივე თქმით, თუ სარესტორნო სექტორისთვის შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა ბევრი რესტორანი გაკოტრების წინაშე დადგეს.
როგორც კობიაშვილი აცხადებს, მსოფლიოს პოპულარულმა რესტორნებმა კორონავირუსის პირველი ტალღის დროს კონცეფცია შეცვალეს, შესაბამისად, ზოგიერთმა მათგანმა ბურგერების გაკეთება დაიწყო.
„ეს იყო გადარჩენის ინსტიქტი. ახლა კი ასე აღარ არის. გავიდა პერიოდი და ისინი ჩვეულებრივ მომსახურებაზე გადავიდნენ. თუმცა, სიახლეა ის, რომ ისეთ ფასებზე აღარ მუშაობენ, რადგან ფინანსურად მსოფლიოს უჭირს. გარკვეული კერძი თუ ღირდა 50 ევრო, ახლა ისე აკეთებენ, რომ 30 ევრო ღირდეს.
რესტორნებს გაუჭირდა საქართველოშიც. ბევრი მინახავს, ან სახლიდან მიაქვს საჭმელი ოფისში, ან ძალიან იაფიანს ეძებს, რომ დღეში 15-20 ლარამდე დაუჯდეს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი აქვს 1000-1500 ლარი. აქედან გამომდინარე, ეკონომიური თვალსაზრისით არ აქვს ყველას იმის საშუალება, რომ რესტორანში იჯდეს. დღეში 100 ლარი მაინც უნდა ერთ ადამიანს, ეს კი თვეში 3 000 ლარია. აქედან გამომდინარე, რესტორნებს ცოტა მომხმარებელი ჰყავს, რაც მცირე შემოსავლებში აისახება,“ - აცხადებს ლევან კობიაშვილი.
შეგახსენებთ, თბილისისა და იმერეთის შემდეგ რესტორნების მუშაობა მცხეთაშიც იზღუდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნებს მცხეთაშიც მუშაობის შესაძლებლობა 22:00 საათამდე ექნებათ.