"არ გვინდა კრიზისის დროს აქტივები იაფად გავყიდოთ" - თანაინვესტირების ფონდი
ინვესტორები „გალერია თბილისით“ და Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ით დაინტერესდნენ, თუმცა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მათ გასხვისებას არ ჩქარობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა, ზოგადად ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა.
„პანდემიამდე რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ინვესტორებთან მოლაპარაკებები, მათ შორის ისეთ პროექტებზე როგორიცაა: „გალერია თბილისი“ და Paragraph Resort & Spa Shekvetili-ი, თუმცა, პანდემიით გამოწვეული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ეს პროცესი მინიმუმ ერთი წლით გადაიდო. ახლა ინვესტორები ძირითადად აქტივების იაფად შეძენით არიან დაინტერესებული ჩვენ კი არ გვაქვს ინტერესი კრიზისის დროს აქტივები იაფად გავყიდოთ, რადგან გვაქვს იმის საშუალება რომ უკეთეს დროს დაველოდოთ,“ - აცხადებს ცოტნე ებრალიძე.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად სასტუმრო Paragraph Resort & Spa, Shekvetili ფუნქციონირებს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად და აქტიურ რეჟიმში მასპინძლობს ერთგულ სტუმრებს.
„დატვირთულობა საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ფინანსურად მუშაობა გამართლებულია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე სასტუმრო დიდი ინტერესით სარგებლობს,“ - აცხადებს ებრალიძე.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.
ფონდი ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკის ოთხს სექტორში ახორციელებს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა და მრეწველობა, რის ფარგლებშიც ჯამურად განხორციელებულია 10-მდე პროექტი. რაც შეეხება საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს მის პორტფელში დამატებით 10 სასტუმროს პროექტი ერთიანდება.
ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს 25%-დან 100%-მდე წილობრივი მონაწილეობა ისეთ პროექტებში, რომელთა მინიმალური მომგებიანობა 17%-ს შეადგენს. პროექტის მინიმალური ჯამური საინვესტიციო მოცულობა უნდა შეადგენდეს 5 მლნ დოლარს.
საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ინარჩუნებს საკუთრების ინტერესს კომპანიებში 7-დან 9 წლის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი გაასხვისებს კომპანიის საინვესტიციო წილს, სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით:
- პროექტის გაყიდვა თანა-პარტნიორებზე;
- გაყიდვა მესამე მხარეზე;
- აქციების განთავსება ადგილობრივ და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე.