ბიზნესი
08/01/2021

"არ დავანგრიოთ ბიზნესი იმისთვის რომ მოსახლეობას იაფი ელენერგია ჰქონდეს"

„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მიზანშეწონილობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მიდგომით ქვეყანა და ბიზნესი, უარესს შედეგს მიიღებს. 

„სამწუხაროდ მივიღეთ ასეთი სურათი, რომ წყლის, დენის და გაზის ტარიფები გაიზარდა. ელექტროენერგია  გაძვირდა არაპროპორციულად. მცირედით კერძო მომხმარებლისთვის დ ბიზნესისთვის - დიდი დოზით. საწარმოებს, დაახლოებით 70%-ით გაუძვირდათ დენის გადასახადი, რაც არასამართლიანია.

გამოდის, რომ კომპანიები ასუბსიდირებენ მოსახლეობას. ენერგოსუბსიდირება კი ბიზნესის ფუნქცია არ არის. გასაგებია მიზეზი, მაგრამ... 1990-იან წლებში სოციალური პასუხისმგებლობა ენერგეტიკას აჰკიდეს და არც გვქონდა დენი და არ მივიღოთ მსგავსი  სურათი. არ დავანგრიოთ ბიზნესი იმიტომ, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი ელექტროენერგია,“ - აცხადებს იაშვილი.

მისი განცხადებით, დავაკვირდეთ პროცესებს და დენის გაძვირება ინფლაციაზე როგორ აისახება დაახლოებით 2 თვეში გამოჩნდება.

„ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამას არ ვიცი როგორ მოაგვარებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საკითხი დასარეგულირებელია. ნაბიჯი გადადგმულია, გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკან როგორ დაიხევენ არ ვიცი. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან საწარმოები, რომლებიც ქვეყანაში რაღაცას აწარმოებენ“-აცხადებს იაშვილი.

შეგახსენებთ, თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება (დღგ-ს ჩათვლით).

თელასის“ სამომხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის შემდეგი იქნება:

პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით) – მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი – ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ) – მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი – ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი) – მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი – ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

ასევე მოქმედებს მთავრობის სუბსიდია, რომელიც კომუნალურ გადასახადებზე შეღავათს  გულისხმობს. მთავრობა კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას, სახელწიფო დაუფარავს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ელექტროენერგიის, წყალმომარაგების (როგორც გამრიცხველიანებულ, ასევე უმრიცხველო აბონენტებს) და დასუფთავების გადასახადებს. ასევე, ამ თვეებში გაზის გადასახადს სახელმწიფო დაუფარავს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც თვეში მოიხმარენ 200 კუბური მეტრის ჩათვლით ბუნებრივ გაზს.