ბიზნესი
04/11/2021

Anano – ბავშვობის ოცნებით შთაგონებული ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი

Anano ონლაინ მაღაზიაა, რომელიც ორიგინალური ნამუშევრების მოყვარულებს ხელნაკეთ აქსესუარებს სთავაზობს.

Anano-ს არც ერთი ნივთი ერთმანეთის იდენტური არაა, ყველა გამოირჩევა სიახლითა და მომხმარებელზე მორგებული დეტალებით. ყოველი დეტალი კი დიდი ფიქრისა და შრომის შედეგად იქმნება და ანალოგი არ აქვს.

როგორც ბრენდის დამფუძნებელი თაკო ჭეიშვილი “ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, ინტერესი დიდია მათ შორის უცხოეთიდან.

“მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მათ შორის უკრაინის მოდის სფეროდან, თუმცა პანდემიის გამო ვერ მოხდა კოლაბორაცია. ვიმედოვნებ, კიდევ მომეცემა Anano-ს საერთაშორისო ასპარეზზე გატანის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, პროდუქციის რეალიზაცია ხდება სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. იმედი მაქვს, მალე მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ადგილზე დაათვალიეროს პროდუქცია," –აღნიშნავს თაკო ჭეიშვილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა ბერეტები, რომლის დეკორიც ბრენდის სავიზიტო ბარათია. თუმცა არანაკლებ მოთხოვნადია სხვა აქსესუარებიც.

„ჩვენი მომხმარებლები ძირითადად სხვადასხვა ასაკის ქალბატონები არიან, მათ შორის პატარა გოგონები, რომლებისთვისაც გვაქვს ბერეტების ხაზი. რაც შეეხება ფასებს, საშუალო კატეგორიაზე ვმუშაობთ, რადგან ჩვენი მიზანია, რომ იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გააბედნიეროს.

აქსესუარების დამზადების პროცესი ძალიან სასიამოვნოა, მთელი ეს სიფერადე და სიბრჭყვიალე, თითოეული დეტალის შექმნის პროცესი, დადებითი ემოციების წყაროა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ის სამომავლო ემოციები, რომელსაც Anano-ს მიერ შექმნილი ნივთი მომხმარებელს მოუტანს," – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

Anano 2018 წელს კერძო ინვესტიციით შეიქმნა, რომლის წინაპირობაც, როგორც თაკო ჭეიშვილი ამბობს, განსხვავებული აქსესუარების დიდი სურვილი იყო.

“ერთ დღეს მომინდა მქონოდა ისეთი თმის სამაგრი, როგორიც სხვას არ ექნებოდა და შევქმენი ჩემი პირველი ხელნაკეთი ნივთი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და მომცა მოტივაცია, სხვებისთვისაც შემექმნა ინდივიდუალური და გამორჩეული აქსესუარები.

ბრენდი, პირადად ჩემთვის, გამორჩეული და საყვარელია, რადგან ატარებს ჩემი შვილის სახელს. ასევე, გარკვეულწილად დაკავშრებულია ჩემი ბავშობის ფერად ოცნებასთან, გავმხდარიყავი დიზაინერი და მეკეთებინა საყვარელი საქმე.“–აღნიშნავს Anano–ს დამფუძნებელი.