ბიზნესი
03/05/2023

ამერიკაში დაფუძნებული ქართული სტარტაპი ამერიკელებს მარკეტინგულ სერვისებს აწვდის

ქართული სტარტაპი Tag&Match ამერიკულ კომპანიებს მარკეტინგის სრულ სერვისს სთავაზობს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“  სტარტაპის დამფუძნებელმა ანა აგლაძემ განუცხადა,  Tag&Match-ის დაარსების იდეა, დაახლოებით, 1 წლის წინ გაუჩნდა, გაყიდვები კი მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო.

„ჩვენი სტარტაპის საქმიანობის მთავარი მიმართულება, ამჟამად, არის Direct Mail Marketing - ეს არის საკმაოდ ძლიერი და პოპულარული მარკეტინგული არხი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინფორმაციული მარკეტინგული ბაზა, საიდანაც ხდება სამიზნე მომხმარებლების შერჩევა.

ფაქტობრივად, „გუგლის“ და „ფეისბუქის“ შემდეგ, Direct Mail Marketing-ი მესამე ადგილზეა საზოგადოების მხრიდან მოთხოვნის და გამოყენების თვალსაზრისით. დიდი გამოხმაურება გვაქვს მომხმარებლების მხრიდან“, - აღნიშნა ანა აგლაძემ.

როგორც ამერიკაში დაარსებული ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ამბობს, იმ ბიზნეს ვერტიკალში, რომელშიც Tag&Match საქმიანობს, ჯერჯერობით, კონკურენცია მაღალი არ არის.

„სულ 4 კომპანიაა აშშ-ში, რომელიც Direct Mail Marketing-ის მიმართულებით საქმიანობს. მე ახლა შევედი ამ ბიზნესში, პატარ-პატარა ნაბიჯებით, თუმცა ვფიქრობ, რომ კონკურენციის გაწევას მარტივად შევძლებ ერთი მთავარი მიზეზის გამო - კლიენტს ვაძლევ საკმაოდ დამუშავებულ და მრავალფეროვან საინფორმაციო ბაზას.

რაც მთავარია, ამ ბაზის გადაყიდვას არ ვახდენ და მას მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია ფლობს. მოკლედ, მაქსიმალურად ვერგები იმ კომპანიის მიზნებსა და მოთხოვნებს, რომელსაც ვემსახურები და ვთავაზობ სრულ მარკეტინგულ სერვისს“, - აღნიშნა  სტარტაპის დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, Tag&Match-ს ამჟამად, 2 მსხვილი კლიენტი ჰყავს, წლის ბოლომდე კი კლიენტების რაოდენობა 5-მდე გაიზრდება.

ცნობისთვის, Direct Mail Marketing ანუ „იმეილ მარკეტინგი“ ინტერნეტ რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც მომხმარებლის მოზიდვის, შენარჩუნებისა და სწრაფი ინფორმირების საუკეთესო საშუალებაა მთელ მსოფლიოში. მისი მეშვეობით ხდება სარეკლამო დიზაინის მქონე მეილების დაგზავნა მიზნობრივი აუდიტორიებისთვის.

კლიენტი უკვეთავს კონკრეტულ კომპანიას იმეილ მარკეტინგულ რეკლამას, აწვდის საჭირო ინფორმაციას რეკლამის თაობაზე, კომპანია კი ქმნის სპეციალურ დიზაინს, თითოეული რეკლამის მიზნებისა და საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც დაეგზავნება სპეციალურად შერჩეულ მიმღებ აუდიტორიას. მიმღები აუდიტორიის სიები შეიძლება იყოს დაყოფილი სხვადასხვა კატეგორიებად ქვეყნების, ასაკის, ან სხვა მნიშვნელობის მიხედვით.

„იმეილ მარკეტინგი“ სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს: პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზება, ფასდაკლებისა და აქციის გავრცელება, მისალმება, შეხსენება,  და ა.შ.

 

 

Businesspartner