ამბასადორი ჯგუფი ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელ ცენტრს აშენებს
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება. საინვესტიციო პროექტს ქართული კომპანია „ამბასადორი“ ახორციელებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მლნ დოლარია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცენტრი ჯამში 600 ადამიანს დაასაქმებს. დასაქმებულთა დიდი ნაწილი კი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.
„პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტილება პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. საპროექტო სამუშაოებს საფუძვლად დაედო ხელოვნებამცოდნეთა საექსპერტო კვლევა. მოხდა პროექტის მოდიფიკაცია, განახლდება და სრულ შესაბამისობაში მოვიდა არსებულ გარემოსთან. საინვესტიციო პროექტის კონცეფცია მოიცავს რეკრეაციულ ზონებს. კომპლექსის გარე ფასადი და შიდა სივრცე იქნება სრულად გამწვანებული, რაც თავის მხრივ წვლილს შეიტანს ბათუმის გამწვანებაში,“ - აღნიშანავენ “ამბასადორი ჯგუფში“.
პროექტის ფასადი მინისა და ლითონის სინთეზია. ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის საფასადე ვერტიკალური მცენარეების სიმწვანის ეფექტი ბულვარის გამწვანების ერთგვარი გაგრძელებაა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, საინვესტიციო პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი "ამბასადორ ჯგუფის" მესამე მსხვილი საინვესტიციო პროექტია აჭარაში. 2021 წლის თებერვალში მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე თანამედროვე 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება 120 ნომრით, წლის ბოლოს სასტუმროს მეორე შენობაც შეემატება და ჯამში 230-მდე ნომრით უმასპინძლებს სამთო-სათხილამური სპორტის მოყვარულებს. ამბასადორი გოდერძი 300-მდე თანამშრომლის დამსაქმებელი იქნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 60 მლნ დოლარზე მეტია.
„ამბასადორი“ აჭარის რეგიონში მთლიანობაში 1000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს და პროექტების მთლიანი ღირებულება 100 მლნ დოლარია. მსგავსი საინვესტიციო აქტივობა უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და მძიმე სოციალური მდგომაორეობის გაჯანსაღების კუთხით.