ბიზნესი
10/09/2020

ამ ეტაპზე პურის გაძვირების საშიშროება არ არის - "იფქლის" დირექტორი

პურ-პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „იფქლში" პურის გაძვირების მოლოდინი არ აქვთ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  კომპანიის დირექტორმა არისი ბოჭოიძემ განუცხადა, დღევანდელი მდგომარეობით, ერთ ტომარა ხორბლის ფქვილის ფასი მათ მომწოდებლებს არ გაუზრდიათ. თუმცა, ლარის გაუფასურება აისახა შესაფუთი მასალებისა და იმპორტირებული ნედლეულის ფასზე (დაზგა დანადგარები, მარილი, ზეთები და ა.შ). მიუხედავად ამისა, ეს ცვლილებები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, რომ ახლო მომავალში პურზე ფასის ზრდის საშიშროება დადგეს დღის წესრიგში. 

ბოჭოიძის განცხადებით, პროდუქტის ფასწარმოქმნაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხორბლის ფქვილის ფასია. „ჩვენი კომპანია აღნიშნულ პროდუქტს ბაზარზე არსებული ქართულ წისქვილკომბინატებისაგან ყიდულობს. შესაბამისად, ჩვენ გარკვეულწილად შუა რგოლი ვართ ამ პროცესში. რა ფასად გაიყიდება მზა პროდუქტი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა ფასად მივიღებთ ხორბლის ფქვილს. კომპანიაში ჩვენ მხოლოდ 2 კვირის სამყოფი მარაგები გვაქვს. მეტის დასაწყობებას აქტიური წარმოების პირობებში ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. შესაბამისად, ნედლეულის შეძენა-მოხმარება პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება თუ რამდენად მოსალოდნელია პურზე ფასის ზრდა მომავალში. ამის განსასაზღვრად უნდა ვიცოდეთ ზუსტად რა ფასი ექნება ერთ ტომარა ფქვილს, როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი კონკრეტულად ამ მოცემულობაში და ფქვილის ფასთან მიმართებაში, ენერგომატარებლების ფასი და ა.შ., რადგან ყველა ჩამოთვლილი ელემენტი გარკვეულ როლს თამაშობს პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში. "იფქლში" ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, ფასის მატებას თავი ავარიდოთ, რადგან კარგად ვიაზრებთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენი მომხმარებლების წინაშე გვაქვს,“ - აცხადებს არისი ბოჭოიძე.

რაც შეეხება COVID-19-ს და ამ მიმართულები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას, „იფქლის“ დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაში მაქსიმალურად ხდება  ჰიგიენური ნორმების და რეკომენდაციების, რომელსაც შესაბამისი სამსახურები გასცემენ. „ვირუსის პირველმა ტალღამ დაგვარწმუნა, რომ სირთულეების მიუხედავად, ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევით შეგვიძლია არ შევაჩეროთ საწარმოო პროცესი. ყველანაირად ვცდილობთ, მზად ვიყოთ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად“, - აღნიშნავს არისი ბოჭოიძე.