"ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი საქართველოში განვითარებაა" - აჭარა ჯგუფის გეგმები
ამ ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი საქართველოში განვითარებაა - ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ოთო ბერიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი პროექტების განხორიცელება იგეგმება და დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული პარტნიორების წინაშე, თუმცა საერთაშორისო განვითარება "აჭარა ჯგუფისთვის" ერთ-ერთ მთავარ სამომავლო გეგმად რჩება. ამასთან, უცნობია როდის განახლდება ნიუ-იორკში Rooms-ის სასტუმროს გახსნის პროექტი.
"ჩვენი ძირითადი საქმიანობა წლების განმავლობაში იყო რესტორების, ბარების, სასტუმროების განვითარება, თუმცა ეს იყო ერთგვარი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ტურიზმის აქტიურ ზრდასთან ერთად სასტუმროების შექმნით ასევე შეგვექმნა დამატებითი სივრცეები ადგილობრივი მოსახლეობისთვის და კრეატიული ინდუსტრიებისთვის. შესაბამისად, ამ წლების მანძილზე განვახორციელეთ რამდენიმე ინვესტიცია ისტორიულ შენობებში, მათ შორის არის რადიო ქალაქი, ყოფილი თბოელექტრო ცენტრალი, სახანძრო რუსთავში და საგრენაჟო ქარხანა უთაისში, ყველა ამ შენობის ძირითადი ფუნქცია და ბიზნესმოდელი შედგება იმისგან, რომ შევქმნით საერთო სამუშაო სივრცეებს, ინოვაციების ცენტრებს და საფესტივალო სივრცეებს, რომელზეც ჩვენი ახალი კომპანია D BLOCK-ი იმუშავებს.
ვაგრძელებთ სასტუმროების და რესტორნების განვითარებას, 2023 წელს ბათუმში გავხსნით ახალ სასტუმრო ROOMS-ს, რისთვისაც აქტიურად ვემზადებით. შემდეგი იქნება ახალი ROOMS-ი აბასთუმანში, სადაც გვყავს ფინანსური პარტნიორი ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპოპრაცია (DFC), რომელთანაც პროექტის განვითარებაზე უკვე აქტიურად ვმუშაობთ. ამასთან ციხისძირში, შუქურას ტერიტორიაზე ვაპირებთ ახალი 60-70 ნომრიანი სასტუმროს განვითარებას, რომლის კონცეფციით ახალი მიზნობრივი სეგმენტის მოზიდვას ვგეგმავთ, სხვა დეტალები ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია. ყველა ჩვენი პროექტის საინვესტიციო მოცულობა $40 მლნ-ს სცდება და მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება," - ამბობს ოთო ბერიშვილი.
ცნობისთვის, "აჭარა ჯგუფი" ნიუ-იორკში Rooms-ის სასტუმროს გახსნას გეგმავდა და პროექტის გეგმები პანდემიამ შეაფერხა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე პრიორიტეტი საქართველოა და აღნიშნული პროექტის განახლების დრო უცნობია.