ბიზნესი
11/05/2023

Akustiko: ხმის იზოლაციაში ინვესტიციას მხოლოდ ერთეული დეველოპერული კომპანიები დებენ

ხმის იზოლაციის სერვისზე მოთხოვნა როგორც ბინების მფლობელების, ისე კომპანიების მხრიდან მზარდია, თუმცა ზრდის ტემპი ძალიან ნელია, რაც, პირველ რიგში ამ კუთხით არსებული დაბალი კულტურის შედეგია.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში  ხმის იზოლაციის სერვისების კომპანია Akustiko-ს დამფუძნებელმა ავთანდილ კრავეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია 2014 წელს დაფუძნდა, მანამდე კი ხმის იზოლაციაზე მოთხოვნა პრაქტიკულად არ არსებობდა. როგორც კრავეიშვილი ამბობს, თუ 3-4 წლის წინ ხმის იზოლაციის სერვისზე მოთხოვნა მხოლოდ კომერციული სექტორის მხრიდან (სასტუმროები, ოფისები) იყო, ახლა წამოვიდა ინდივიდუალური დაკვეთები ბინების ცალკეული მეპატონეებისგანაც.

„ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელიც უშუალოდ აკუსტიკის სპეციალიზაციით მუშაობს. ჩვენს შემდეგ ამ სეგმენტში არაერთი ბიზნესსუბიექტი გამოჩნდა, თუმცა კონკურენტად 2-3-ს მივიჩნევთ, დანარჩენები, უბრალოდ მიმბაძველები არიან და არც შესაბამისი კვალიფიკაციითა და ხარისხით გამოირჩევიან. მთავარი პრობლემა ისაა, რომ მომთხოვნი არავინაა, არის კულტურის თემაც - ბევრს ჰგონია, რომ ეს ფუფუნება და დამატებითი კომფორტია. თუმცა უკვე დიდი ხანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას დადასტურებული აქვს ხმაურის ნეგატიური გავლენა ჯანმრთელობაზე.

ჯანმოს დაკვნით, გარემოს დაბინძურებაში, ჰაერის შემდეგ, მეორე ადგილს წყლისა და ხმაურით დაბინძურება იყოფენ. თუმცა საქართველოში ხმაურის მიმართ შემგუებლური დამოკიდებულებაა, გარდა ამისა, ადამიანებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორიც,“ - განაცხადა Akustiko-ს დამფუძნებელმა და აღნიშნა, რომ დასრულებული რემონტის შემთხვევაში, როცა ბინის მეპატრონე აღმოაჩენს, რომ მას ქუჩის და მეზობლების მცირე ხმაურიც კი ესმის, ხმის იზოლაციის სერვისის ღირებულება 5-6 ათას ლარამდე ადის.

„შავი კარკასის“ მდგომარეობაში კი ამ მომსახურების ფასი შედარებით დაბალია, ამიტომ ავთანდილ კრავეიშვილი ურჩევს მომხმარებლებს, ხმის იზოლაციაზე ბინების მესაკუთრეებმა  რემონტის გაკეთებამდე იზრუნონ.

რაც შეეხება დეველოპერების  ხარჯებს ხმის იზოლაციაზე, Akustiko-ს დამფუძნებელმა მოიყვანა ერთერთი კომპანიის მაგალითი, რომელმაც ხმის იზოლაციაში ინვესტიციის ჩადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მიერ აშენებული რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ხმის ცუდი იზოლაციის გამო.

„ამის შემდეგ აღნიშნულმა კომპანიამ ჩვენ მოგვმართა. ჩვენ მისი ბინები ხმის იზოლაციით უზრუნველვყავით, რაზეც დეველოპერმა თავის მარკეტინგულ კამპანიაში გააკეთა აქცენტი. ამ ნაბიჯმა გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ კვადრატულის ფასი 800 დოლარიდან 900 დოლარამდე გაძვირდა, ხმის იზოლაციით აშენებულ ბინებზე მოთხოვნა ძალიან მაღალი იყო,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ Akustiko-ს დამფუძნებელმა.

მისი თქმით, იგივე მომსახურების მიღების მიზნით რამდენიმე დეველოპერულ კომპანიასთან მოლაპარაკებები ამ ეტაპზეც აქვთ.

ცნობისთვის: „Akustiko“ მომხმარებელს სთავაზობს ხმის საიზოლაციო და აკუსტიკური სერვისების და პროდუქტების არჩევანს - აკუსტიკური და ხმაურის აზომვები, პრობლემის იდენტიფიცირება, თანმხლები აკუსტიკური მოდელირება და გაანგარიშებები. ამის შემდეგ, კომპანია მომხმარებელს აწვდის დეტალურ ნახაზებს და მასალების სპეციფიკაციას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ხმის საიზოლაციო და აკუსტიკური სამუშაოების ჩატარება.

ამასთან, Akustiko თავად სთავაზობს მომხმარებელს ხმის საიზოლაციო და აკუსტიკურ სამუშაოებს, თანმდევი მასალებით.