ბიზნესი
13/10/2020

ახალი საოფისე სივრცე "ვაკე პლაზა“ წლის ბოლომდე გაიხსნება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ წლის ბოლომდე გაიხსნება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს ბოლო ფაზის სამშენებლო სამუშოები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. 

მისი ინფორმაციით, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა. პროექტში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

„ვაკე პლაზა“ 11-სართულიანი იქნება და მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ  გამოყოფილი იქნება  4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი. მისი განცხადებით, კერძო კომპანიების მხრიდან ინტერესი დიდია. ფართის ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კვადრატულის ფასი კი 22 დოლარია.

„ლიბერთი თაუერის“ გვერდით მდებარე შენობა წლების განმავლობაში ყოფილ და ახლანდელ მეპატრონეს შორის სასამართლო დავის გამო კონსერვაციის რეჟიმში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში შენობის ერთ-ერთი პარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.