ახალი საოფისე სივრცე "ვაკე პლაზა" მარტში გაიხსნება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში მრავალფუნქციური სივრცე „ვაკე პლაზა“ მარტში გაიხსნება.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, მიმდინარეობს გარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები.
მისი ინფორმაციით, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა. პროექტში 20 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.
როგორც რუსუდან ჩერგოლეიშვილი აცხადებს, უკვე გაქირავებულია 3 სართული.
მისი განცხადებით, პანდემიამ გავლენა პროექტის განხორციელებაზეც მოახდინა, თუმცა სირთულეები გადაილახა.
„პანდემიის გამო გახსნა დროში გაჭიანურდა. ასევე, შექმნილი სიტუაციის გამო ახალ ოფისებში გადასვლისგან კომპანიები თავს იკავებენ, თუმცა ობიექტს თავისი სეგმენტი მაინც ჰყავს. ცვლილებები მოხდა გათვლებში და მოლოდინებში, გადაიწია მოგების მიღების ვადამაც, თუმცა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაბალბიუჯეტიდან სეგმენტზე გადავიდეთ და კლიენტი ისე მოვიზიდოთ, ამის საჭიროება არ გვაქვს“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.
„ვაკე პლაზა“ 11-სართულიანი იქნება, მისი ფართი ჯამში 22 000 კვადრატული 8მეტრია. სპეციალურად ავტოფარეხისთვის მიწისქვეშ გამოყოფილი იქნება 4 სართული, ჯამში 11 000 კვადრატული მეტრი. ფართის ქირაობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კვადრატულის ფასი კი 21 დოლარია.
„ლიბერთი თაუერის“ გვერდით მდებარე შენობა წლების განმავლობაში ყოფილ და ახლანდელ მეპატრონეს შორის სასამართლო დავის გამო კონსერვაციის რეჟიმში იყო. გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში შენობის ერთ-ერთი პარტნიორი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.