ბიზნესი
27/04/2021

აფბა პრემიერმინისტრს მოუწოდებს სახელმწიფო საწარმოების მუშაობა გამჭვირვალე გახადოს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ფინანსისტთა ასოციაცია“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, სახელმწიფო საწარმოების მუშაობა უფრო გამჭვირვალე გახადოს.

აფბა გამოდის ინიციატივით, რომ ყველა საწარმოზე/კომპანიაზე, სადაც 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, გავრცელდეს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი, რაც კომპანიების საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ხოლო ყველა დაინტერესებულ მხარეს საშუალება ექნება ინფორმაცია შეუფერხებლად  მიიღოს, - ამის შესახებ აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აფბას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონო პრემიერო,  მოგმართავთ ინიციატივით,  რომ ყველა საწარმოზე/კომპანიაზე, სადაც 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე  და და 37-ე მუხლებით განსაზღვრული  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი გავრცელდეს.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა  კომპანიების საქმიანობას უფრო გამჭვირვალეს გახდის, ხოლო ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა შეუფერხებლად ექნება.

როგორც მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით სახელმწიფო საწარმოები არ არიან ვალდებულნი მედიას, არასამთავრობო სექტორს თუ სხვა დაინტერესებულ მხარეს საჯარო ინფორმაციის გაცემის წესის შესაბამისად მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია. ხაზგასასმელია, რომ მათი დიდი ნაწილი ბიუჯეტიდან დოტაციის გზით ფინანსდება ან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დაფინანსებით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს.

ბუნებრივია, მსგავსი გაუმჭვირვალობა და ინფორმაციის დამალვის მცდელობები ხშირ შემთხვევაში აჩენს კორუფციის ეჭვებს. შესაბამისად, თავად სახელმწიფო საწარმოების ფუნქციონირებაზე და მათ იმიჯზე უარყოფითად აისახება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სახელწიფო საწარმოების დიდი ნაწილი ბოლო წლებში მუდმივად ზარალზეა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული, 2021 სახელმწიფო ბიუჯეტის  ფინანსური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფო საწარმოთა ზარალმა 237 მილიონი ლარი შეადგინა, 2018 წელს - 816 მილიონი ლარი. შესაბამისად, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო საწარმოებში გამჭვირვალობის ხარისხის გაზრდა და საზოგადოების წინაშე მეტი ანგარიშვალდებულება დადებითად აისახება კომპანიების ფინანსურ ფუქნციონირებაზე და, ამასთან, გაზრდის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას.

ბატონო პრემიერო, ჩვენი ორგანიზაცია უშუალოდ აღმოჩნდა იმ კარჩაკეტილი პოლიტიკის წინაშე, რომელსაც, სამწუხაროდ, სახელმწიფო საწარმოები წლებია ატარებენ. უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ, ნათელი მოვფინოთ ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებას, რომელიც დაკავშირებულია დარგში ფინანსური ნაკადების მოძრაობასთან, მაღალი ძაბვის გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, იმპორტირებული ელექტროენერგიის დეტალურ ტარიფებთან (ე.წ. საკონტრაქტო ფასები) თუ სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ მონაცემებზე თავისუფლად წვდომასთან. სამწუხაროდ, და ჩვენდა გასაოცრად, სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ვაწყდებით გაუგებარი პასუხებით პასუხისმგებლობის თავიდან არიდების აბსოლუტურად მიუღებელ მცდელობებს.

ბატონო პრემიერო, მოგმართავთ თხოვნით დაინტერესდეთ აღნიშნული საკითხით და უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე  და და 37-ე მუხლებით განსაზღვრული  საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი გავრცელდეს სახელმწიფო საწარმოებზეც, რათა მიღწეულ იქნას ნებისმიერ ინფორმაციაზე თავისუფლად წვდომის შესაძლებლობა და გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტები“, - აღნიშნულია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ განცხადებაში.