აფბა ნივთის ონლაინ გამოწერისას განბაჟების ზღვარის 1500 ლარამდე გაზრდის ინიციატივით გამოდის
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობას და ახლად დანიშნულ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს მოუწოდებს ონლაინ ვაჭრობის დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაზარდოს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ლარის დრამატული გაუფასურების და გლობალური პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე, საქართველოს მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. შესაბამისად, არსებული განბაჟების გადასახადი ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ პირებს კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს. ამასთან, აფბაში განმარტავენ, რომ პანდემიის პირობებში ადამიანები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ონლაინ ვაჭრობას, როგორც ქართული, ასევე უცხოური ვებგვერდების მეშვეობით, რაც ონლაინ ვაჭრობის არსებული პრაქტიკის გადახედვის წინაპირობას ქმნის.
„2009 წელს მიღებული კანონის შესაბამისად, უცხოური ვებგვერდიდან შეძენილი ნივთის ან ნივთების ერთობლიობის ღირებულება თუ აღემატება 300 ლარს იბეგრება 18%-ით. მაშინ, როდესაც ეს კანონი იქნა მიღებული, 1 დოლარის ღირებულება 1.66 ლარს შეადგენდა ანუ 180 დოლარის ღირებულების ნივთის შეძენა იყო შესაძლებელი განბაჟების გარეშე. დღეის მდგომარეობით, ლარის გაუფასურების კვალდაკვალ, როდესაც 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.44 ლარს შეადგენს 300 ლარად 87 დოლარის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ონლაინ ვაჭრობის დროს დაწესებული განბაჟების ზღვარი 1500 ლარამდე გაიზარდოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვაჭრობის ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად, სულ უფრო მეტი ადამიანი მცირე ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას სწორედ ელექტრონულ კომერციაში ხედავს. შესაბამისად, განბაჟების ზღვარის გაზრდა, მნიშვნელოვნად წაახალისებს ონლაინ კომერციით ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეების მიერ მცირე ბიზნესის წამოწყებას.
გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პანდემიამ და ეკონომიკურმა კრიზისმა ჩვენი მოქალაქეების მსყიდველობითუნარიანობა საკმაოდ შეამცირა. შესაბამისად, არსებულ ნიშნულზე დაწესებული განბაჟების გადასახადი კიდევ უფრო რთულ ვითარებაში აყენებს მათ“, – აცხადებენ აფბაში.