ბიზნესი
26/05/2021

ადვოკატ ზვიად კორძაძის ღვინოებით საექსპორტო ბაზრებზე დაინტერესდნენ

უახლოეს დღეებში გორგასლის ქუჩაზე ადვოკატ ზვიად კორძაძის „ბარბალეს მარანი“ გაიხსნება. სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მარანი შესაბამისი ინვენტარით ეწყობა.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, ეს ერთადერთი სიახლე არ არის. მისი ღვინით საერთაშორისო ბაზრებიც დაინტერესდნენ.

„ღვინის ბიზნესი წინ მიდის. დაახლოებით 2 კვირაში დავასრულებ გორგასალზე მარნის მოწყობას. გაიხსნება „ბარბალეს მარნის“ ადგილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს და შეიძინოს ღვინო. რაც შეეხება გაყიდვებს, რამდენიმე რესტორანსა და ბუტიკურ მაღაზიაში შევიტანეთ ჩვენი ღვინო. გვაქვს ონლაინ გაყიდვებიც. დაინტერესებაა საერთაშორისო ბაზრებზე გატანასთან დაკავშირებითაც. ვვითარდებით ისე, როგორც მცირე მარანს შეეფერება. უფრო ხარისხზე ვაკეთებთ ორიენტირებას, ვიდრე რაოდენობაზე“,- აღნიშნავს კორძაძე.

„ბარბალეს მარანი“ ცნობილმა ადვოკატმა 2014 წელს შექმნა. მარანი შინდისში მდებარეობს, სადაც წელიწადში 3000 ბოთლამდე ღვინო ისხმება. "ბარბალეს მარანი" ღვინის ისეთ გამორჩეულ სახეობებს აერთიანებს, როგორებიცაა ოცხანური საფერე, ციცქა-ქოლიკაური, უსახელოური, ხიხვი, ხვანჭკარა და სხვა.

გამორჩეულია “ბარბალეს მარნის“ მაყვლის ღვინოც, ის გაყიდვაში მიმდინარე წლის მარტში გამოჩნდა.