9 წლიანი ბიზნესდავა - "კომპანიას საქმიანობა შეწყვეტილი აქვს და ჯერ კიდევ გადაწყვეტილებას ელის"
ბიზნესდავები არ არის მხოლოდ ბიზნესებს შორის ურთიერთობა, რეალურად ეს ეკონომიკური შინაარსის ფინანსებთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დავაა მეწარმეს ან კონკრეტულ საწარმოსა და საგადასახადო ორგანოებს შორის, - გაჭიანურებული ბიზნესდავებზე გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსმა და ჩარგეიშვილის საადვოკატო დარბაზის პარტნიორმა აკაკი ჩარგეიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, გაჭიანურებული ბიზნესდავები აზიანებს საინვესტიციო გარემოს.
"კომპრომისმა, რომელიც ბიზნესმა და იუსტიციის სამინისტრომ იპოვა მაინც ვერ დაარეგულირა ის პრობლემური საკითხები, რაც წლების განმავლობაში არსებობს. ვფიქრობ, ფუნდამენტური მიდგომაა საჭირო და არა მხოლოდ ბიზნესის პრეტენზიების განხილვა და რამაც უნდა გადაწყვიტოს ის საკითხები ამის მექანიზმი და სისტემური მიდგომა არ გვაქვს. ამის გარდა, პრობლემებია დავებთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა.
აკაკი ჩარგეიშვილმა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. მისი თქმით, ერთ-ერთი ნავთობგადამმუშავებელი კომპანიის საქმე 9 წელია გრძელდება, ამ პერიოდში კომპანიამ მუშაობა შეაჩერა და დავის გადაწყვეტას ელოდება.
"ადმინისტრაციულის გარდა, გვაქვს სამოქალაქო დავა გურჯაანში, რომელიც 7 წელია გრძელდება და მხოლოდ 2 მოსამზადებელი სხდომაა ჩატარებული. მსოფლიო ცივილიზაცია ეკონომიკურ ბრუნვაში და ფინანსურ ურთიერთობებში ძალიან წინ არის, ამიტომ არის მექანიზმები, რომლის შემოღებაც შეიძლება და არის ისეთი მექანიზმებიც, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტი ნოვაციებით შემოვიტანოთ.
ამასთან, ხომ არსებობს კომუნიკაციების ან ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიები, სადაც არსებობს დავის განხილვის სისტემა. ერთი არის, რომ არ ვიყენებთ ამ მექანიზმებს და მეორე ის, რომ ყველგან არ არსებობს. წინასასამართლო პერიოდის გავლა და მოვლენების პროგონოზირება ძალიან კარგია, იმის გასაგებად თუ რამდენად წარმატებით დამთავრდება დავა და როგორია პერსექტივები," - აღნიშნავს აკაკი ჩარგეიშვილი.