7-8 წლის შემდეგ კომპანიის ზრდა პირველად შემცირდა - “თელავის ღვინის მარანი"
2020 წელი ბიზნესისთვის არაერთგვაროვანი გამოწვევების წელი აღმოჩნდა. რა პრობლემების წინაშეა ღვინის სექტორი მიმდინარე წელს “ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილმა ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2020 წელს ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემია და მისი შედეგები იყო. მათ შორისაა, ვაჭრობის შემცირება იძულების წესით, ე.წ ლოქდაუნის გამო, რამაც ყიდვა-გაყიდვის პროცესი შეაჩერა.
„ეს მიმართულება შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად, შიდა გაყიდვები და ექსპორტი. ადგილობრივ ბაზარზე ამან დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ეს შეეხო HoReCa სექტორს, რაზეც ჩვენი გაყიდვების ყველაზე დიდი წილი მოდიოდა. უარყოფითი შედეგი გვაქვს ქსელური გაყიდვების თვალსაზრისითაც, რადგან ტურიზმი შეჩერდა, ტურისტული სეზონი შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არ იყო. ამ ფაქტორებმა ღვინის გაყიდვებზე ნეგატიურად იმოქმედა და სერიოზული შემცირებაა.
რაც შეეხება ექსპორტს, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, გაყიდვები 10-12%-ით შემცირდა. ეს პირველ რიგში იმით არის განპირობებული, რომ საზღვარგარეთ ჩვენი გაყიდვების უდიდესი ნაწილი ქსელურია და HoReCa მიმართულება ნაკლებადაა დატვირთული“, - აცხადებს რამაზაშვილი.
„თელავის ღვინის მარანის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დაგეგმილთან შედარებით კომპანიას წლის ბოლოს დაახლოებით 15%-იანი ვარდნა აქვს. როგორც რამაზაშვილი აცხადებს, ეს კომპანიისთვის დრამატული არ არის გამომდინარე იქიდან, რომ „თელავის ღვინის მარანი“ დიდი რესურსის მქონე კომპანიაა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვენახები, ნედლეული. პანდემიამ დიდ კომპანიებზე უფრო მეტად მცირე მარნები დააზარალა, რომლებსაც აქცენტი ტურიზმზე ან მაღალფასიან Horeca სექტორზე ჰქონდა“, - აცხადებს რამაზაშვილი.
მისი განცხადებით, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში კომპანიის ზრდა პირველად შემცირდა.