5 წელში, შესაძლოა საქართველომ კრაფტ ლუდის მწარმოებელი დიდი ქვეყნების სიაში ადგილი დაიმკვიდროს
საქართველოს აქვს პოტენციალი კრაფტ ლუდის მსოფლიოს მწარმოებელ უმსხვილეს ქვეყნებს შორის ადგილი დაიმკვიდროს. პოზიტიურ მოლოდინებზე დარგის წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, კრაფტ ლუდი საქართველოში ახლა იკიდებს ფეხს და ძალიან მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაცია. 2021 წლიდან, ქვეყანაში უკვე ტარდება კრაფტ ლუდის პირველი ფესტივალიც.
ბიზნესსექტორი კრაფტ ლუდის წარმოების საქმეში ყურადღებას სახელმწიფოს როლზეც ამახვილებს და განმატავს, რომ ამ მიმართულებით მთავრობა უკვე დგამს გარკვეულ ნაბიჯებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული კრაფტ ლუდის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო გამოწვევიდან გამომდინარეც, რადგან დღეს როგორც ტურისტული, ისე გასტრონომიული მიმართულებით ძალიან დიდ როლს თამაშობს კრაფტ ლუდი. ამასთან, არსებობს რესურსი რომ მსოფლიოში ქართულმა კრაფტ ლუდმა თავისი სოლიდური ადგილი დაიმკვიდროს, ისევე როგოც ეს თავის დროზე ქართულმა ღვინომ გააკეთა.
კრაფტ ლუდის წარმიების მნიშვნელობასა და პოტენციალზე „ბიზნესპარტნიორთან“ საოჯახო მეურნეობა „ოტიას ეზოს“ მასპინძელმა ნუცა ცისკარიშვილმა ისაუბრა.
„მოვიგეთ GITA-ს სახელმწიფო გრანტი კრაფტ ლუდის განვითარების მიმართულებით, რითაც ვეცდებით ამ დარგის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ხელს შევუწყობთ ბევრ ადამიანს, რომ ხელი მოკიდოს ამ საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოება დაიწყოს, რაც ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ხორბლისა და ქერის განვითარებას. ასე რომ, ერთმანეთზე ჯაჭვურად არის გადაბმული გლეხის, კრაფტ ლუდის მოყვარულის და მწარმოებლის ურთიერთკავშირი და ჩვენ ვცდილობთ, დიდი როლი ვითამაშოთ ამ ყველაფრის პოპულარიზაციაში. ვფიქრობთ, კრაფტ ლუდის ნაწილში დიდ როლს ითამაშებს სახელმწიფოც. ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის კავშირი მეწარმესთან, რომ საქმიანობა იყოს წარმატებული. 2000-იანების დასაწყისში მთავრობამ ქართული მეღვინეობისთვის ძალიან ბევრი რეგულაცია გაამარტივა და იგივე რომ მოხდეს კრაფტ ლუდის სისტემაში , უფრო მეტად განვითარდება ეს დარგი და საქართველოში ახალი ბიზნესი წარმოწყებს საქმიანობას“, - განუცხადა ნუცა ცისკარიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში, დაახლოებით, კრაფტ ლუდის 15-ამდე მწარმოებელია, რომლებიც დამოუკიდებლად და ერთმანეთის გვერდში დგომით ცდილობენ, რომ ეს საქმიანობა განვითარდეს.
„თუ უფრო მეტი დაინტერესება იქნება როგორც საზოგადოებიდან, ისე მთავრობის მხრიდან, 5 წელიწადში ძალიან დიდი აფეთქება იქნება კრაფტ ლუდის სამყაროში, რადგან საქართველოც დაიმკვიდრებს ძალიან დიდი ქვეყნების ჩამონათვალში ადგილს“, - დასძინა საოჯახო მეურნეობა „ოტიას ეზოს“ მასპინძელმა ნუცა ცისკარიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში კრაფტ ლუდის ერთ-ერთი მწარმოებელი წყალტუბოში მდებარე ოჯახური მეურნეობა „ოტიას ეზოა“. ამ დროისთვის, მეურნეობაში ხდება როგორც ლუდის ხარშვა, ისე მინის ბოთლებში (330 მლ,550 მლ) ჩამოსხმა.