"4-5 წელი ვერ ვგეგმავთ ექსპორტს, უწყვეტობას და წარმადობას ვერ დავაკმაყოფილებთ"
ქართულ ბიო პროდუქციას საერთაშორისო ბაზრებისკენ გზა გაეხსნა, მათ შორის ამერიკის და ევროპის მიმართულებით.
როგორც საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა ბიო „ბოსტანის“ დამფუძნებელი ბექა ბარჯაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, „ბოსტანის“ სამწლიანი დაუღალავი შრომა დაფასდა და სასათბურე მეურნეობამ „კავკასსერტის" სრული ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც მას ექსპორტის შესაძლებლობასაც აძლევს.
„ჩვენი მეურნეობა მესამე წელია რაც ფუნქციონირებს, თავიდანვე წავედით იმ მიმართულებით, რომ გვეწარმოებინა მხოლოდ ნატურალური პროდუქტი. ქვეყანაში ძალიან დიდი უნდობლობა იყო ნატრალურ ნაწარმთან დაკავშირებით, ბევრი ამბობს, რომ ბიო პროდუქტს აწარმოებს, მაგრამ რეალურად თუ სერტიფიცირებას არ გადიხარ, ვერ დაადასტურებ რომ შენი პროდუქცია ბიოა. ელემენტარული ბიო სათესლე მასალის პრობლემაა ქვეყანაში, არ იშოვება. სერტიფიცირებისას მასალაც უნდა იყოს ბიო. სწორედ ამიტომ, 3 წლის თავზე ამ სერტიფიკატის აღებით დავადასტურეთ, რომ ნამდვილად ნატურალურ პროდუქტს ვაწარმოებთ“, - აცხადებს ბარჯაძე.
მისივე განმარტებით, საქართველოში ერთ-ერთი მასერტიფიცირებელი ორგანო შპს „კავკასსერტია“, რომლის მიერაც საკმაოდ მაღალი სტანდარტით ხდება სერტიფიცირება. შესაბამისად, როცა ამ ორგანიზაციის სერტიფიკატს ფლობ, ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში გახსნილი გაქვს გზები.
„ექსპორტის საკითხზე კომუნიკაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან მაქვს, მათი მხრიდან არსებობს სურვილი ჩვენი პროდუქციის გატანის, ვინაიდან, ბიო ნაწარმზე დიდი მოთხოვნაა ევროპაში და ის ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ ექსპორტისთვის მზად არ ვართ. მათ სჭირდებათ დიდი რაოდენობის პროდუქცია და ჯერჯერობით, უწყვეტობას და წარმადობას ვერ დავაკმაყოფილებთ. ამიტომ, მინინუმ 4-5 წელი ვერ ვგეგმავთ ექსპორტს“, - განაცხადა ბიო „ბოსტანის“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, საქართველოში პირველი ბიოსერტიფიცირებული სასათბურე მეურნეობა ფონიჭალაში, 1 300 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გაშენებული.
ბიო „ბოსტანი“ რომელიც 2021 წლიდან საქმიანობს, წელს 3 ტონა ბიო პროდუქტის მიიღებას გეგმავს. ამ ეტაპზე, „ბოსტანი“ 10 სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის - ფერად პომიდვრებს, ფრანგულ ლობიოს, ჭარხალს, ბიო საზათროს და ნესვს, ასევე ქათმის ხორცსა და კვერცხს.
ყველა პროდუქტი ქიმიური პრეპარატებისა და სინთეზური სასუქების გამოყენების გარეშე, ბიო და ბუნებრივი საშუალებებით წარმოებულია.