ბიზნესი
28/04/2023

"25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" გამარჯვებულები აჭარის რეგიონში გამოვლინდნენ

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის  „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები აჭარის რეგიონში გამოვლინდნენ:

 

  • საბათქაშე ცემენტი - ინოვაციური საბათქაშე ცემენტისა და დანამატის შექმნა და მასშტაბური წარმოება
  • Upskill - სტარაპის მიზანია თანამედროვე ორგანიზაციებს ჰქონდეთ ინსტრუმენტები, რომლის საშუალებითაც შეეძლებათ თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის განსაზღვრა, ამაღლება, კარიერული განვითარების დაგეგმვა და სწავლება სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად, თანამშრომლებისთვის დაბალი სტრესისა და მაქსიმალური თავისუფლების პირობებში.
  • BCA Health Club - ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა ორგანიზაციებსა და კომპანიებში.
  • Kartvelian Legends - მობილური თამაში ქართული მითოლოგიისა და ზღაპრების შესახებ მომხიბლავი და უნიკალური გამოცდილება იქნება მოთამაშეებისთვის. თამაში შთაგონებულია საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით, ფოლკლორით, ლეგენდებითა და მითებით.
  • კომპანიონი - პროექტის მიზანია კომპანიებსა და კერძო პირებს შესთავაზოს ახალი, ინოვაციური ხელსაწყო, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია ონლაინ შეხვედრებისა და მათი თანმდევი პროცესების ოპტიმიზაციაზე.
  • MedTur GEORGIA - ონლაინ პორტალი, რომლის საშუალებითაც უცხოელი ტურისტები ეცნობიან, არჩევენ და ჯავშნიან საქართველოში სამედიცინო მომსახურებას. პროექტის მიზანია, ქართული სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობა.
  • ქოსთი - პლატფორმის მიზანია არქიტექტურული, საინჟინრო და სამშენებლო სფეროში არსებული პროექტებისათვის კონტრაქტორების მოძიების, შეფასებისა და მომსახურების შესყიდვის დღეს არსებული დეცენტრალიზებული, მექანიკური და არაეფექტური პროცესების ცენტრალიზება და გაციფროვნება, რაც საშუალებას მისცემს სამშენებლო პროექტში ჩართულ მხარეებს ეფექტურად დაგეგმონ და განახორციელონ თავიანთი პროექტები.

საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი, ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის  გაძლიერებას;  ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.

საგრანტო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. პირველ ეტაპზე აპლიკაციების მიღება გამოცხადდა აჭარაში, იმერეთსა და გურიაში. დაინტერესებულ პირებს 20 თებერვლიდან საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge  მეშვეობით წარედგინათ განაცხადები.

შერჩეულმა სტარტაპებმა გაიარეს ტრენინგები, რომელიც მოიცავდა ბაზრის კვლევას, ბაზარზე გასვლის სტრატეგიას, მასშტაბირებასა და ე.წ. „ფიჩინგს“.   ტრენინგების გავლის შემდეგ, სტარტაპებმა პროექტები წარადგინეს კომისიის წინაშე, რომელიც დაკომპლექტებული იყო შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით.  

საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.

გრანტის მიღება შეუძლია სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან/და მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს. ფიზიკური პირი, გამარჯვების შემთხვევაში, ვალდებულია საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე დაარეგისტრიროს მეწარმე სუბიექტი შესაბამის რეგიონში.