2024 წელს საქართველოში თევზის ლაბორატორიის ამოქმედება იგეგმება
2024 წელს, საქართველოში შესაძლოა თევზის ლაბორატორია ამუშავდეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საწარმო დაახლოებით 6 თვის ვადაში უნდა ამუშავდეს და მის სრულად მოწყობაში დაახლოებით 200 000 ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
როგორც ჩხაიძე განმარტავს, საქართველოში გამოწვევაა სპეციალისტი, რომელიც ლაბორატორიისთვის საჭირო ტექნიკაზე ცოდნას ფლობს, შესაბამისად კომპანიამ დახმარება ნორვეგიულ და ბრიტანულ კომპანიებს სთხოვა, რომელთან ერთადაც საჭირო აპარატების შერჩევისათის კვლევის პროცესი მიმდინარეობს.
„თავად შენობა არ საჭიროებს დიდ ტერიტორიას, დაახლოებით 100 კვ.მ-ის ფართობის იქნება. ლაბორატორიით სარგებლობა კი ყველას შეეძლება,"-აცხადებს ჩხაიძე.
როგორც „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ლაბორატორია ლანჩხუთში, ფერმის ტერიტორიაზე მოეწყობა და მისი ტექნიკურად სრულად აღჭურვის შემდეგ, თანამშრომლების გადამზადება მოხდება.
შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.