ბიზნესი
21/09/2020

2021 წლიდან ბაზარზე ქართული წარმოების სიმინდის ზეთი გამოჩნდება

2021 წლის დასაწყისში ბაზარზე ქართული წარმოების სიმინდის ზეთი გამოჩნდება. კომპანია „კოლხას“ წარმოებული ზეთი ბაზარზე „ქარვას“ სახელწოდებით გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ქარვას“ ბრენდით ქართული წარმოების ზეთის ბაზარზე გამოტანას ჯერ 2016 წლის შემოდგომიდან გეგმავდა, შემდეგ 2017 წლის ზამთრიდან, თუმცა ტექნიკური საკითხების გამო ახალი პროდუქტის გამოშვება გადაიდო.

კომპანია „კოლხას“ დირექტორი გიორგი ბუკია „ბიზნესპარტნიორთან“  აცხადებს, რომ ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ქარხნის მშენებლობა, ჩინეთიდან ჩამოტანილია მანქანა-დანადგარები.

„რომ არა პანდემია, პროდუქტი უკვე გამოშვებული გვექნებოდა. დანადგარები ჩინეთიდანაა, შესაბამისად, ის ჩინელმა სპეციალისტებმა უნდა დაამონტაჟონ. კორონავირუსის გამო პროცესი შეფერხდა,“ - აცხადებს გიორგი ბუკია.

მისივე ინფორმაციით, სერიულ წარმოებამდე კომპანია პროდუქტს სექტემბერ-ოქტომბრის დასაწყისში  სატესტო რეჟიმში გამოუშვებს. საწყის ეტაპზე სიმინდის ზეთი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება, სამომავლოდ, დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც.

სრული წარმადობის შემთხვევაში კომპანია დღეში 2 ტონა ზეთის წარმოებას გეგმავს. "ქარვა" ბაზარზე ნახევარ და ერთ ლიტრიანი შეფუთვით (მინის  ან პლასტმასის ბოთლებში) გაიყიდება.

კომპანია „კოლხას“ და საპარტნიორო ფონდის ერთობლივი პროექტის ღირებულება დაახლოებით 1.5-2 მლნ დოლარია. ქარხანა სამეგრელოში, კონკრეტულად ხობში მდებარეობს.