ბიზნესი
10/12/2020

2021 წლიდან ბაზარზე “კამპას“ წვენები მინის შეფუთვაშიც გამოჩნდება

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“ 2021 წლის დასაწყისში  პროდუქციას მინის შეფუთვაშიც გამოუშვებს. როგორც კომპანიის დირექტორმა სანდრო ბუაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, ახალი ხაზი ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია.

როგორც ბუაძე აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ გაყიდვების 25% Horeca სექტორზე მოდიოდა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შემცირდა ადგილობრივ ბაზარზე  რეალიზაციის მაჩვენებელი. თუმცა, თუ შევხედავთ ჯამურ გაყიდვებს, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების შემცირება, საექსპორტო მიმართულებით გაყიდვების ზრდამ დააკომპენსირა.

მისი განცხადებით, ამ დროისთვის “კამპა“ 6  ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის, ჩინეთში, რუსეთში. წელს საექსპორტო ქვეყნების ნუსხას აზერბაიჯანიც დაემატა.

კომპანია „კამპა“ 2008 წელს დაარსდა. 2009 წლის დეკემბრიდან მისი პირველი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. ამ დროისთვის „კამპა“ წვენებს მუყაოს ქაღალდის შეფუთვით უშვებს. კომპანიის პროდუქცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნედლეულისაგან. წვენები ნატურალურია და  არ შეიცავს ემულგატორებსა და კონსერვანტებს, ამავდროულად მდიდარია ბუნებრივი ვიტამინებით.