2021 წელს Silknet-ის შემოსავალი ₾31 მლნ–ით გაიზარდა
2021 წელს Silknet-ის შემოსავალი ₾31 მლნ–ით გაიზარდა, რაც წლიურ ჭრილში +8.2%-იან ზრდას ნიშნავს.
ასევე, EBITDA 7.6%-ით გაიზარდა, მარჟა კი ძირითადად უცვლელი დარჩა.
TBC Capital-ის ანგარიშის მიხედვით, ზრდა ძირითადად განპირობებული იყო კომერციული შემოსავლების 6.4%-იანი წლიური ზრდით.
ასევე, გაზრდილი შემოსავალი 2021 წელს, უპირველეს ყოვლისა, მობილური ინტერნეტის გაუმჯობესებული შემოსავლის შედეგი იყო. ამასთან, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებამ და ტურიზმის ნაწილობრივი აღდგენამ დადებითად იმოქმედა მობილური სერვისების გამოყენებაზე. მობილური სერვისების აბონენტების რაოდენობა ამავე წლის ბოლოს 3,75%-ით გაიზარდა.
Silknet-ის კომერციული შემოსავლების სეგმენტური დაყოფა აჩვენებს, რომ მობილური რჩება კომპანიის ბიზნესის უდიდეს ნაწილად და მთლიანი კომერციული შემოსავლის 54.2%-ს შეადგენს.
ასევე დადებითი ცვლილება დაფიქსირდა ფიქსირებული ინტერნეტისა და ფასიანი ტელევიზიის კატეგორიაში. ნეგატიური ტენდენცია გრძელდება სილქნეტის ფიქსირებული სატელეფონო სერვისების შემოსავლებზე 13.8%-იანი კლებით, 2021 წელს. მომსახურების ამ კატეგორიაში შემოსავლების თანდათანობითი შემცირება მობილური ტელეფონების შეღწევადობის გაზრდის შედეგია.
აღსანიშნავია, რომ საბაზრო წილების უმნიშვნელო კლება დაფიქსირდა მობილურ და ფიქსირებულ ინტერნეტში, ხოლო ფასიანი ტელევიზორების კატეგორიის ბაზრის წილი 2021 წელს მცირე ზრდას განიცდიდა.
როგორც TBC Capital–ი თავის კვლევაში აღნიშნავს, ევროობლიგაციები კვლავ მაღალშემოსავლიანად რჩება. როგორც რეფინანსირებული, ასევე ახალი სილქნეტის ევრობონდი საკმაოდ მაღალშემოსავლიანია, რაც მას მიმზიდველ ინვესტიციად აქცევს.