2021-2022 წლებში ტექნიკის ბაზარი 20%-ით შემცირდება - BEKO-ს ხელმძღვანელი
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენარალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ 2020 წელს აჯამებს და აცხადებს, რომ წელს ბიზნესისთვის საკმაოდ რთული წელია.
„ყველაფერი ამ წელს მოხდა, პანდემია, პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი. მეტი ცუდი რა უნდა იყოს, აღარ ვიცი. აქედან გამომდინარე, 2020 წელი წინა წლებისგან განსხვავებით, შემოსავლების თვალსაზრისით, უფრო ცუდად დასრულდება,“ - აცხადებს მელექი.
Beko-ს გენერალური დირექტორი 2021-2022 წლიდან ტექნიკის ბაზრის მინიმუმ 20%-იან შემცირებას ვარაუდობს. როგორც მეჰმედ მელექი აცხადებს, შედარებით მცირე და საშუალო კომპანიები შესაძლოა ბაზრიდან გაქრნენ და მხოლოდ დიდმა კომპანიებმა შეძლონ ოპერირების გაგრძელება.
„2020 წლის 11 თვის ბოლო დღემდე მაინც იმედი გვქონდა, რომ წელს ნორმალურად დავხურავდით. 24 დეკემბრამდე ჩაკეტვა ძალიან უარყოფითად აისახება შემოსავლებზე. ვიცი, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ბევრი რამე უნდა მოვითმინოთ, მაგრამ ეკონომიკურად ცოტა რთულია. თუ 24 დეკემბერს მოგვცემენ საშუალებას რომ გავიხსნათ და 2 იანვრამდე ვიმუშაოთ, კიდევ არა გვიშავს, ცოტა შემოსავალი შემოვა და ხელფასებს და კომუნალურებს მაინც გადავიხდით, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან დიდი კრიზისი დაიწყება. ეს უარყოფითად აისახება როგორც BEKO-ზე, ისე ყველა სხვა კომპანიაზე,“ - აცხადებს მეჰდმედ მელექი.
Beko-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ კომპანიაშ მოქმედებს ონლაინ გაყიდვები, თუმცა, ეს ძალიან მცირე წილია.
ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი დღეს, 14:00 საათზე სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. მთავარი განსახილველი თემა კი 24 დეკემბერს შეზღუდვების შესაძლო მოხსნა იქნება.