109 ლოტი და ₾60 მლნ - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" აუქციონების შედეგები
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ 2021 წლის პირველი აუქციონების წარმატებით დასრულებაზე აცხადებს.
პროგრამის ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები.
სააგენტომ ბიზნეს სექტორს 300 მილიონ ლარამდე ღირებულების 150-ზე მეტი ობიექტი შესთავაზა, საიდანაც 109 ლოტზე ვაჭრობის შედეგად საწყისი ორმოცი მილიონი ლარიდან საბოლოო შედეგმა 60 მილიონ ლარს გადააჭარბა.
პრივატიზებულ ქონებას შორის არის სახელმწიფო საწარმო თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილი.
"სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რესურსების პროაქტიული გაყიდვების და ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიციის მოსაზიდად პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ გაფართოვდა და უფრო მასშტაბური სახე მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის მარტში გამოცხადებული ელექტრონული აუქციონები წარმატებით დაასრულა.
აუქციონების დასრულებამდე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის მიუხედავად, ვაჭრობის პროცესი წარმატებით დასრულდა და ყველა მონაწილეს საშუალება მიეცა დაუბრკოლებლად დაეფიქსირებინა საკუთარი შეთავაზება," - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით ჯამში პრივატიზებულია 151,878,251 ლარის ღირებულების 224 ერთეული ქონება. სააგენტო მომავალშიც გააგრძელებს საპრივატიზებო რუკაზე ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებების ინიცირებას და ყველა დაინტერესებულ პირს ექნება თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.