ბიზნესი
19/01/2021

10 000 რესტორნიდან 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია - რესტორატორთა ასოციაცია

10 000 რესტორნიდან, 9500 აღარ მუშაობს, სექტორი განადგურებულია, - ასე აფასებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე კოტე გაბრიჩიძე სარესტორნო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას. მისი განმარტებით, რეგისტრირებული 10 000 რესტორნიდან 95% უმოქმედო და გაკოტრებულია.

“ფაქტობრივად მკვდარია, ამას რა გააცოცხლებს არ ვიცი.  ჩავთვალოთ, რომ რესტორნის მფლობელმა ახალი კაფე/რესტორანი უნდა გახსნას და არა მუშაობა განაახლოს. უამრავი კაფე/რესტორანი დაიცალა იმის გამო, რომ მეპატრონეს იჯარის თანხას ვერ უხდიდნენ. ამიტომაა, რომ ქუჩაში ხშირად შეხვდებით ობიექტებს, სადაც გარედან აწერია „ქირავდება“. ჯამში, სარესტორნო ბიზნესი მოკვდა, გაკოტრდა. დაცლილი აქვთ ფართები, გაშვებული ჰყავთ თანამშრომლები სახლში და ის რესტორანი აღარ არსებობს,“ - აცხადებს გაბრიჩიძე „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, 1 თებერვლისთვის მთავრობა გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ფიქრობს იმისთვის, რომ გააიოლოს ცხოვრება და შეზღუდვები მოხსნას.

„ტრანსპორტზე და ყველაფერზე ვლაპარკობთ, რადგან მარტო რესტორნების გახსნას აზრი არ აქვს“-აცხადებს გაბრიჩიძე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ნოემბრიდან საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. სარესტორნე ობიექტები მთლიანად გადავიდა გატანის სერვისზე. დროებით დახურულია სავაჭრო ცენტრები (მოლები), არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.