1 ივნისიდან ტვირთის აწევის უსაფრთხოების სტანდარტები ამოქმედდება
მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ დაამტკიცა, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან შედის.
რეგლამენტის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა.
იქ კი, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია, მიიღოს ისეთი ზომები და უზრუნველყოს დასაქმებულები ისეთი საშუალებებით, რომლებიც შეამცირებს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებულ რისკებს.
დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად; სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო.
გარდა ამ ზომების მიღებისა, დამსაქმებელი ასევე ვალდებულია, დასაქმებულებს და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ საჭირო ღონისძიების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებით.
დოკუმენტის თანახმად, ტვირთის ხელით აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ტვირთი მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია, მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია, მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი, ისეა განთავსებული, რომ მისი აწევა ან გადაადგილება მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილიდან ტვირთის მოშორებას, სხეულის ზედა ნაწილის დახრას ან სხეულის ზედა ნაწილის მობრუნებას, კონფიგურაციის ან/და კონსისტენციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს დასაქმებულისთვის, განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.
რაც შეეხება სამუშაო გარემოს, მისმა მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ არ არის საკმარისი სივრცე ტვირთის გადასაადგილებელი მოქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით – ვერტიკალურად ტვირთის გადაადგილების დროს, იატაკის ზედაპირი უსწორმასწორო ან სრიალაა, სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის უსაფრთხო სიმაღლეზე აწევის ან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის საშუალებას, ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს და ა.შ.
რეგლამენტის თანახმად, სამუშაო გარემოში რისკები იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მასზე მოქმედებს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამდენიმე ფაქტორი: გადამეტებულად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ხერხემალზე; არასაკმარისი დრო ფიზიკური დასვენების ან ენერგიის აღდგენისთვის; გადამეტებული ინტენსივობით ტვირთის აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა; სამუშაო პროცესით გამოწვეული სამუშაოს შესრულების ტემპი, რომლის შეცვლაც დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის მიერ შეუძლებელია.
დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია რისკის ინდივიდუალური ფაქტორები: დასაქმებულის ფიზიკური მონაცემები ან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მისთვის მიცემულ კონკრეტულ დავალებას; ატარებს სამუშაოსთან შეუსაბამო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხვა ინდივიდუალურ საშუალებებს; არ აქვს სათანადო ცოდნა ან არ გაუვლია შესაბამისი სწავლება.
დარღვევებზე ჯარიმა იმოქმედებს, რომლის მოცულობა კომპანიის ბრუნვაზეა დამოკიდებული.
როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, ტვირთის აწევასთან დაკავშირებით დარღვევებზე რეაგირება აქამდეც ხორციელდებოდა, თუმცა ეს არ იყო რეგლამენტის სახით გაწერილი და კონკრეტული კრიტერიუმებით განსაზღვრული. ამასთან, მათივე თქმით, რეგლამენტს პრევენციული დატვირთვაც აქვს.
აღნიშნული სტანდარტები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.