Wizz Air: რაც შეიძლება მალე გვინდა საქართველოში ფრენების დაწყება
ამ დრომდე უცნობია, როდის განაახლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი.
როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ადრაშ რადო განმარტავს, ყველაფერი იმ შეზღუდვებზეა დამოკიდებული, რომელიც ამ დროისთვის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.
„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცით, როდის აღვადგენთ ფრენებს ქუთაისიდან. ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ფრენები მიმდინარე წელს, რაც შეიძლება მალე. ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა, გვყავს საკმარისი ავიახომალდებიც, თუმცა პრობლემა სხვა რამ არის. იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენ დავფრინავდით, ახლა ბევრი შეზღუდვა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა რომც იყოს, ჩვენ ვერ წავიყვანთ, რადგან ის ქვეყნები, სადაც დავრფინავთ, მათ არ შეუშვებენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოდან ფრენების აღდგენა არ გვსურს. პირიქით, რაც შეიძლება მალე გვინდა ოპერირების დაწყება. მაგრამ შეზღუდვები, რომელზეც ვისაუბრე, ამის საშუალებას არ გვაძლევს.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკონტროლებთ ბაზრებს, ვეძებთ, რა შესაძლებლობები შეიძლება გვქონდეს. როგორც კი დავინახავთ, რომ შეზღუდვები რაღაც ფორმით გამარტივდება, ან სრულიად მოიხსნება, ფრენებს აღვადგენთ“,- განმარტა ანდრაშ რადომ.