ველოდებით საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას - სასტუმრო Paragraph-ი
სასტუმრო Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ში 2020 წლის ზაფხულის სეზონის გარკვეული ტიპის ჯავშნები უცხოეთის ბაზრებიდან გაუქმდა, თუმცა მალევე ჩანაცვლდა ადგილობრივი ჯავშნებით, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ თანაინვესტირების ფონდში განუცხადეს.
როგორც ფონდში განმარტავენ, სასტუმრო Paragraph Resort & Spa, Shekvetili, 15 ივლისს გაიხსნა და პირველივე დღიდან მაღალი პროცენტულობით იყო დატვირთული. „ინტერესი არ მცირდება, რაც ძალიან სასიხარულოა და მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ერთგული სტუმრები მოუთმენლად ელოდნენ Paragraph Resort & Spa, Shekvetili-ს დაბრუნებას“, - განმარტავენ ფონდში.
სასტუმრო 2017 წელს გაიხსნა და მას შემდეგ დამსვენებლების ძირითად ნაწილს (70%-ს) სწორედ ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს.
„შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლიდან წლამდე იზრდებოდა უცხოელი ტურისტების მხრიდან დაინტერესება, რაც ასევე პოზიტიურად აისახებოდა სასტუმროს დატვირთვიანობაზე“, - აცხადებენ თანაინვესტირების ფონდში.
ბოლო წლების სტატისტიკის გათვალისწინებით უცხოელი დამსვენებლების ძირითადი ნაწილი მეზობელი ქვეყნებიდან, ევროპიდან, ისრაელიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ფიქსირდებოდა.
რაც შეეხება მოლოდინებს ზაფხულის მიმდინარე სეზონთან დაკავშირებით, განმარტავენ, რომ 2020 წლის ზაფხულის სეზონზე აქცენტირებას კვლავ ადგილობრივ მომხმარებლებზე გააკეთებენ.
„ველოდებით საქართველოს მთავრობის მოლაპარაკებების შედეგებს და ვიმედოვნებთ, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ, აღნიშნული სტატისტიკა კვლავ პოზიტიურ ჭრილში გაგრძელდება და შევძლებთ, წვლილი შევიტანოთ საქართველოს პოპულარიზაციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.დღეის მდგომაროებით, შეგვიძლია ვთქვთ, რომ ქართველი ვიზიტორების მხრიდან მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, და დატვირთულობაც წინა წლების ადეკვატურია,“ - აცხადებენ ფონდში.