ტურიზმი
11/03/2021

ვატო ასათაშვილი: ბიზნესი გადარჩენისთვის იბრძვის და მოკლევადიანი, ეფექტური სტრატეგია სჭირდება

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი, ვატო ასათაშვილი ეკონომიკური განვითარების 10 წლიანი გეგმის დოკუმენტის შემუშავებას უაზრობას უწოდებს. მიიჩნევს, რომ ასეთი განაცხადის გაკეთება პოპულისტური ნაბიჯის გადადგმას უფრო ჰგავს, ვიდრე რეალურ სტრატეგიას.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ასათაშვილი აცხადებს, ბიზნესი ახლა გადარჩენისთვის იბრძვის, რისთვისაც მოკლევადიანი ეფექტური სტრატეგია სჭირდება.

„ეს სრული აბსურდია. დღეს მთავრობა 1 კვარტლიან სამოქმედო გეგმასაც კი ვერ დებს, რაიმე 10 წლიანი გეგმაზე საუბარი ბაქიბუქობა და უაზრობაა. ამას საერთოდ ვერავინ შეასრულებს. თავი და თავი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის მოკლევადიანი სამოქმედო გეგმები. 2-3 კვარტლიანი, ან მაქსიმუმ 1 წლიანი. თუ არ გვექნება 1 წლიანი სამოქმედო გეგმა, ყველა სხვა გრძელვადიან პერსპექტივაზე საუბარი ზედმეტია. გადარჩენა დღეს და ხვალ გვჭირდება და არა რაღაც 10 წლიანი პერსპექტივაში. მდგომარეიბა, ფაქტობრივად, ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ რაიმეს გათვლა 10 წელზე შეუძლებელია“,- აღნიშნა ასათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობს. როგორც პრემიერმა განაცხადა, დოკუმენტი 3 თვის ვადაში უნდა შემუშავდეს და ის საზოგადოებას მაისის ბოლოს წარედგინება.

როგორც ნათია თურნავამ განვითარების გეგმაზე აღნიშნა, ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დიდწილად შეუწყობს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას. "უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზამკვლევი იქნება. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები ამ დოკუმენტის შემუშავებაში",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.