ტურიზმი
18/05/2023

"ტურიზმის სექტორის გამჭვირვალედ დალაგება მოიზიდავს როგორც მეტ ტურისტებს, ისე ინვესტორებს“

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

„ტურიზმის სექტორის გამჭვირვალედ დალაგება მოიზიდავს როგორც მეტ ტურისტებს, ისე ინვესტორებს“- ამის შესახებ USAID-ის კერძო სექტორის განვითარების უფროსმა მრჩეველმა დავით წიკლაურმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, USAID-ი ბოლო ორი წლის განმავლობაში   ტურიზმის რეფორმას აქტიურად უჭერს მხარს.

„ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი გვაქვს. მათ შორის, ეს  არის უშუალოდ დიალოგის ფორმატის უზრუნველყოფა,  რომ კერძო და საჯარო სექტორმა ერთმანეთს გაუზიაროს საკუთარი შეხედულებები რეფორმის კუთხით.  ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ვცდილობთ, რომ სხვადასხვა სექტორის მოთამაშეებმა  გამოხატონ თავიანთი შეხედულება ამ კანონში არსებული საკითხებისადმი. ამ მიმართულებით ვგრძნობთ პროგრესს. 

ბუნებრივია, თემა არ არის მარტივი. ბევრი მოთამაშე მონაწილეობს, ეს იქნება ბიზნესი, გიდი, ტურისტის შემომყვანი თუ ასე შემდეგ. საკითხები ჯერ კიდევ არის განსახილვევლი გარკვეული კუთხით.  თუმცა ვიცით, რომ კანონპროექტი  ბოლოსკენ არის მისული და მოლოდინი გვაქვს, რომ მალე წავა პარლამენტში განხილვებზე. რას მოიტანს ეს რეფორმა?  გასაგებია, რომ ქვეყანაში საკმაოდ დიდი ეკონომიკა იქმნება ტურიზმის წყალობით და სექტორის გამჭვირვალედ დალაგება მოიზიდავს როგორც ტურისტებს, ისე ინვესტიციებს.“-აღნიშნა დავით წიკლაურმა.

მისივე თქმით USAID-ი ტურიზმის სტრატეგიის განახლების ნაწილშიც ჩართულია.

„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ამ მიმართულებით რამდენიმე სხვადასხვა საფეხურზე გვქონდა დისკუსია. ძირითად აქცენტს ვაკეთებდით იმაზე, რომ საქართველომ მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე უნდა იფიქროს, მათ შორისაა ევროპელი ტურისტები,  იგივე ვიზიტორები გალფის ქვეყნებიდან  და ა. შ. ტურიზმის ადმინისტრაცია ამას ხედავს და გრძნობს. შესაბამისად, აქცენტებიც მიდის გამოკვეთილად ამ მიმართულებით. აშკარად ვხედავთ, რომ კოვიდის შემდეგ ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება,“- განმარტა დავით წიკლაურმა.

ცნობისთვის, ტურიზმის რეფორმის მიმდინარეობა და მიღწეული პრიგრესი USAID-ისა და რეფორმეტრის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში დღეს საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში მიმოიხილეს.

განხილვას ესწრებოდნენ როგორც ანალიტიკოსები, ისე კერძო, საკანონმდებლო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

Businesspartner