თელავის აეროდრომი “მიმინო“ შიდა ფრენების მისაღებად მზადაა
საავიაციო უნივერსიტეტმა თელავის აეროდრომ „მიმინოს“ რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ უნივერსიტეტის რექტორმა სერგო ტეფნაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აეროდრომი სასწავლო ფრენებისთვის მზად არის. რაც შეეხება დაანონსებულ ჩარტერულ რეისებს, ტეფნაძე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში აეროდრომს ამის შესაძლებლობაც აქვს.
„თუ რომელიმე ავიაკომპანიას ექნება ამის სურვილი, რა თქმა უნდა შესაძლებელია“, - აცხადებს ტეფნაძე.
რა დაჯდა თელავის აეროდრომის რეაბილიტაცია და დაინტერესებულია თუ არა რომელიმე კომპანია „მიმინოდან“ ფრენების განხორციელებით, ამაზე ტეფნაძეს პასუხი არ აქვს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან უნდა გამოვითხოვოთ.
ეკონომიკის სამინისტროში კი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი კი აცხადებს, რომ შიდა ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები პანდემიის გამო დაპაუზდა.
„მთელს მსოფლიოში ფრენები არის მინიმუმამდე დაყვანილი, შესაბამისად, ჩვენთანაც ამ კუთხით არაფერზე არ არის საუბარი“, - აცხადებს ქადაგიშვილი.
როგორც ცნობილია, აეროპორტ „მიმინოში“ 2020 წლის აპრილში აეროპორტში გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ, პირველი კომერციული შიდა რეისის მიღება განხორციელდა, მარშრუტით „ნატახტარი - თელავი“. აეროპორტი სრულად სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდის მიღება შეუძლია. „მიმინო“ 2013 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა და ძირითადად, სასწავლო დანიშნულებით გამოიყენება.