ტურიზმი
13/09/2021

TBC Capital: საქართველოს ტურიზმის სექტორს სწრაფი აღდგენის პოტენციალი გააჩნია

TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენა მოლოდინების შესაბამისად შენელდა, თუმცა მხოლოდ ზომიერად.

2022 წელს თითქმის სრული აღდგენის მოლოდინი კვლავ ძალაშია. მართალია გაურკვევლობა მაღალია, მაგრამ წინა თვეების სწრაფი აღდგენის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ როდესაც პანდემიის დიდწილად მაინც მოთოკვა ხერხდება, საქართველოს ტურიზმის სექტორს საკმაოდ სწრაფი აღდგენის პოტენციალი გააჩნია.

იმის გათვალისწინებით რომ საქართველოში და სხვა ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპი აჩქარდა და ასევე ინფიცირების მაჩვენებლები შედარებითი კლების ტენდენციას აჩვენებს, ტურისტული შემოდინებების აღდგენის გაგრძელება წლის მე-4 კვარტალში უნდა იყოს თვალსაჩინო, თუმცა ბევრად უფრო ნაკლები ტემპით, ვიდრე ეს თებერვალივლისის ე.წ. გადატვირთვის დროს დაფიქსირდა.

TBC Capital-ის მონაცემებით, ინფიცირების შემთხვევების ზრდისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ საქართველოს წითელ ზონაში შეყვანის ფონზე, აგვისტოში აშშ დოლარში გამოხატულმა ტურისტულმა შემოდინებებმა 2019 წლის დონის 48% შეადგინა, რაც ივლისის შესაბამის მაჩვენებელს 4%–ით ჩამოუვარდება. ამავდროულად, თვე-თვეზე 8%-იანი სეზონურად შესწორებული კლება უფრო გამოხატული იყო. 2019 წელს რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვა დაბალი საბაზო ეფექტის მხრივ გასათვალისწინებელია, თუმცა უფრო ივნისი-ივლისის, ვიდრე ივლისი-აგვისტოს დინამიკის მხრივ.

ამასთან, თიბისის არხებით არარეზიდენტების ხარჯვის მაჩვენებლების მიხედვით, სექტემბრის დასაწყისში აგვისტოს დაახლოებით მსგავსი დინამიკა ფიქსირდება და უფრო მკვეთრ ვარდნას ადგილი არ აქვს. ამის ძირითადი მიზეზი შემოდინებების საკმაოდ მაღალი დივერსიფიცირებაა. საკუთრივ, ისრაელიდან შემოდინებების დანაკლისი, რომლის ნაწილობრივი აღდგენა უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი, სხვა ქვეყნებიდან მნიშვნელოვანწილად დაკომპენსირდა.

 

Businesspartner