შალვა ალავერდაშვილი: სასტუმროების 80% საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ვერ სარგებლობს
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდმარე აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით განთავსების ობიექტების დაახლოებით 80% ვერ სარგებლობს. მიზეზი ის არის, რომ სასტუმროები ვერ ფუნქციონირებენ.
„რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც საშემოსავლოს ვიღაც გადაგივადებს, ან არ გადაგახდევინებს. თუმცა, ამ ეტაპზე დახურული სასტუმროები, რომელიც დაახლოებით მთლიანი რაოდენობის 80%-ია, ამ შეღავათით ძირითადად ვერ ისარგებლებს. ხელფასი არ აქვს, ხელფასებს ვერ იხდის და ამ შეღავათით ისედაც ვერ სარგებლობს. თუ ადამიანს იმის საშუალება ექნება, რომ ხელფასები გადაიხადოს, ამ შემთხვევაში დღგ-ს ნაწილი უფრო ურჩევნია, ვიდრე საშემოსავლოს ნაწილი“,- განაცხადა ალავერდაშვილმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.
ცნობისთვის, კორონა ვირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესს რამდენიმე სახის შეღავათი დაუწესა. მათ შორის, დახმარება შეეხო საშემოსავლო გადასახადის ნაწილსაც. კერძოდ, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის განმავლობაში, თვეში 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით იყვნენ დასაქმებულები და ამ 6 თვიან პერიოდში, თითოეულ თვეში მათი ხელფასი არ აღემატებოდა 1500 ლარს.
6 თვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 2020 წლის 26 ნოემბერს მთავრობამ შეღავათის კიდევ 6 თვით გახანგრძლივების ვადა მიიღო. პროგრამის მოქმედების ვადა აპრილის ბოლოს იწურება.