ტურიზმი
21/08/2020

სასტუმრო IBIS stadium Tbilisi 2021 წლის მარტამდე დაიხურა

პანდემიის შედეგად აღმაშენებლის გამზირზე 3 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების პროექტი დაპაუზდა. ამის შესახებ პროექტის მფლობელმა კომპანია „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტის“ ხელმძღვანელმა  დავით გელბახიანმა  „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა.

 მისი ინფორმაციით, „აკორის“ ჯგუფში შემავალი წითელი  IBIS-ის ბრენდის 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო IBIS stadium Tbilisi მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა, თუმცა,პანდემიის გამო მარტში დაიხურა. IBIS-ის 3 ვარსკვლავიანი  სასტუმრო 150 ნომრიანია.საინვესტიციო ღირებულება კი 7.5 მილიონ  ევროს შეადგენს. გელბახიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროს ფუნქციონირება ძირითადად ტურისტებზე იყო გათვლილი, შეჩერებული ფრენების და შექმნილი სიტუაციის შედეგად, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ  IBIS stadium Tbilisi მუშაობას 2021 წლის მარტამდე არ განაახლებს.

რაც შეეხება კომპლექსში შემავალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც სამომავლოდ  HOTEL 1930-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას, გელბახიანის ინფორმაციით ამ ეტაპზე შეჩერებულია მისი სარემონტო სამუშაოებიც. „მას შემდეგ რაც სიტუაცია გამოსწორდება და დალაგდება, ამის შემდეგ გავაგრძელებთ საქმიანობას. ახლა მუშაობა შეწყვეტილი გვაქვს“-აცხადებს გელბახიანი.

მისი ინფორმაციით,5 ვარსკვლავიანი 20 ნომრიანი იქნება. აღნიშნული პროექტის ღირებულება  კი 3  მილიონი დოლარია.

 „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“ სასტუმროების დეველოპმენტ კომპანიაა, რომელიც უკვე ფლობს ერთ ჰოსტელს ვაკეში. ამავე კომპანიის პროექტი იყო სასტუმრო „მერკური“ თბილისში.