2023 წლის ნობელის პრემია ეკონომიკაში კლაუდია გოლდინს მიენიჭა
ამერიკული ეკონომიკის ისტორიკოსმა კლაუდია გოლდინმა ეკონომიკაში 2023 წლის ნობელის პრემია მოიპოვა.
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ განაცხადა, რომ გოლდინს ჯილდო გაეცემა „ქალების შრომის ბაზრის შედეგების შესახებ ჩვენი წარმოდგენის გაუმჯობესებისთვის“.
პრესტიჟული ჯილდოს (Sveriges Riksbank Prize in Economic Sciences in Memory of Alfred Nobel) მოცულობა 11 მილიონი შვედური კრონაა ($999,137).
აღსანიშნავია, რომ გოლდინი მხოლოდ მესამე ქალია, რომელსაც ეკონომიკაში ნობელის პრემია მიენიჭა.
„ეკონომიკურ მეცნიერებებში წლევანდელმა ლაურეატმა კლაუდია გოლდინმა წარმოადგინა პირველი ყოვლისმომცველი ანგარიში ქალების შემოსავლისა და შრომის ბაზარზე მათი მონაწილეობის შესახებ საუკუნეების განმავლობაში. მისი კვლევა ავლენს ცვლილებების საჭიროებებს, ასევე გენდერული უფსკრულის ძირითად წყაროებს“ - ნათქვამია პრიზების გამცემი ორგანოს განცხადებაში.
ნობელის პრემია, რომელიც მეცნიერებაში, ლიტერატურასა და მშვიდობის დარგში დაფუძნდა, პრიზს ეკონომიკაში თავდაპირველად, არ ითვალისწინებდა. პრიზი მოგვიანებით, 1968 წელს შვედეთის ცენტრალური ბანკის დაფინანსებით დაემატა.
მას შემდეგ, ეკონომიკის დარგში, გამარჯვებულებს შორის არიან გავლენიანი მოაზროვნეები და აკადემიკოსები, მათ შორის, ფრიდრიხ ავგუსტ ფონ ჰაიეკი, მილტონ ფრიდმანი და ამერიკელი ეკონომისტი პოლ კრუგმანი.
გასულ წელს, პრიზი სამ ამერიკელ ეკონომისტს მიენიჭა, მათ შორის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოფილ თავმჯდომარეს - ბენ ბერნანკეს. ეკონომისტების კვლევა მოიცავდა იმას, თუ როგორაა შესაძლებელი ბანკების რეგულირება და წარუმატებელი კრედიტორების მხარდაჭერა საჯარო ნაღდი ფულით, რათა თავიდან იყოს აცილებული კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისი, 1930-იანი წლების მსგავსი დიდი დეპრესია და ა.შ.