ტურიზმი
08/02/2023

საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმზე მოთხოვნა დაბალია - მიზეზი გაუმართავი ინფრასტრუქტურაა

საქართველოში ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული შიდა ტურიზმი სათანადოდ განვითარებული არ არის. მიზეზი ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან არსებული დაბალი მოთხოვნაა.

ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განუცხადა და მაგალითად ველოტურიზმი მოიყვანა, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ პანდემიამდე სათავგადასავლო ტურიზმის ნომერ პირველი მიმართულება იყო, პანდემიის შემდეგ კი, სხვადასხვა შეფასებით, მასზე მოთხოვნა გაორმაგდა.

საქართველოში კი, თაბაგარის თქმით, ეს მიმართულება ძალიან დაბალ დონეზეა, რისი მიზეზიც მცირე მოთხოვნაა, რისი ერთერთი ფაქტორიც, თავის მხრივ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარასებობაა.

„მართალია,  საქართველოშიც არიან ტურიზმის აქტიური სახეობებით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ ეს არაა ისეთი მასშტაბური, როგორც ევროპაშია, სადაც ოჯახებით დადიან ველომარშრუტებზე. საქართველოში კი არაა უსაფრთხო და კომფორტული მარშრუტები, სადაც მაგალითად იქნება ველოსიპედების გასაქირავებელი პუნქტები და ფართო ბილიკები. კუს ტბის და ლისის ტბის ინფრასტრუქტურა ამ მხრივ ნამდვილად არაა საკმარისი,“ - განაცხადა  ია თაბაგარმა.

მისი თქმით, თუ არ ჩავთვლით გუდაური-ბაკურიანის ზამთრის და შავიზღვისპირეთის ზაფხულის მიმართულებებს, საქართველოში აქტიურ დასვენებაზე მოთხოვნა მაღალი არ არის.

მისი თქმით, ქართველი მომხმარებლის სტანდარტული მოთხოვნა რომელიმე სასტუმროში დასვენებაა და არა მაგალითად აქცენტი ველო ან საცხენოსნო ტურებზე.

„ბოტანიკური ბაღის მაგალითი ავიღოთ, რომელიც დასვენების აქტიურ მიმართულებად შეგვიძლია განვიხილოთ. არა მხოლოდ ახლა, წინა წლებშიც იქ ქართველი დამსვენებელი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე უცხოელი. თუმცა სამაგიეროდ  იზრდება ინტერესი დაცული ტერიტორიების მიმართ. მასობრივად, ოჯახების დონეზე აქტიური ტურიზმის ისეთი სახეობები, როგორიცაა ფეხით სიარული, აქტივობები ტბებზე, ველოტურიზმი და საცხენოსნო მიმართულება არ არის სათანადოდ განვითარებული და მოთხოვნადი. აქ საუბარი არაა ექსტრემალურ ტურიზმზე,“ - განაცხადა ია თაბაგარმა.

ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული შიდა ტურიზმის არასათანადო განვითარებაზე ჯანმთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამების კოორდინატორმა კახა ღვინიანიძემაც ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე ცხოვრების უმოძრაო წესით ცხოვრობს, რაც გულსისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, სიმსივნისა და სხვა პრობლემების გამომწვევი ფაქტორია.

„საქართველოში ადამიანებისთვის დასვენება ასოცირდება ნაკლებ მოძრაობასთან. არ ან ნაკლებად ვიყენებთ უამრავ  საფეხმავლო მარშრუტს. პრობლემაა ისიც, რომ  ასოცირებული ინფრასტრუქტურაც სუსტია. იგულისხმება საცხენოსნო და სხვა მრავალი როგორც ქალაქების ირგვლივ, ისე რეგიონებში. ჩვენს ტურიზმს განვითარების ბევრი კარგი მიმართულება აქვს, თუმცა ერთერთი სივრცე, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია, არის ფიზიკურ აქტივობაზე ორიენტირებული შიდა ტურიზმი,“ – აღნიშნა კახა ღვინიანიძემ.

 

Businesspartner