ტურიზმი
03/11/2023

ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადი 415 %-ით გაიზარდა

ოქტომბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 415 % - ით გაიზარდა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 164,176 მგზავრმა ისარგებლა. (2022 წლის ოქტომბერი 31,898 - მგზავრი).

მგზავრთნაკადის გარდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული ავიარეისების რაოდენობაც და 325 %-ს მიაღწია. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ოქტომბერში 472 რეისს მოემსახურა. (2022 წლის ოქტომბერი 111 რეისი).

რაც შეეხება 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებს, ამ პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მოემსახურა. 10 თვის ჭრილში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა 1,380,548  მგზავრს მოემსახურა. რაც, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს 107 %-ით აღემატება. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 665,732  მგზავრი).

ისტორიულია 10 თვეში განხორციელებული რეისების რაოდენობაც.   ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიიანვარ-ოქტომბერში  4,087 რეისს მოემსახურა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 %-ით მეტია. (2022 წლის იანვარ-ოქტომბერი 2,646 რეისი).  

2023 წლის დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს Wizz Air-ის მეოთხე ბაზირებული ხომალდი და კოპენჰაგენის მიმართულება დაემატება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.