ნათია თურნავა: ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს ჩრდილი არაფერმა უნდა მიაყენოს
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად რჩება.
“შეგრძნებების და სტატისტიკის დონეზე ვხედავთ, რომ საქართველო, მიუხედავად კოვიდისა, რჩება ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ ბაზრად. სხვადასხვა ქალაქში ძალიან ბევრი ტურისტია, სასტუმროების დატვირთულობა საშუალოდ 70-80%-ია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი. ლარის სიმყარე ერთ-ერთი ასეთი ირიბი ინდიკატორია, რომ ტურიზმი მართლაც ცოცხლდება, ვითარდება, მისი აღდგენა ხდება.
რაც შეეხება სამოგზაურო შეზღუდვებს, პირველ რიგში ეს უკავშირდება კოვიდ შეზღუდვებს, რაც ეხება მთლიანად მსოფლიოში არსებულ დინამურ ვითარებას, პანდემიასთან დაკავშირებით, იზრდება კოვიდ საფრთხე, ხან მცირდება“,- აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავამ საქართველოში ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საკითხზეც ისაუბრა და ოჯახს მიუსამძიმრა.
მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ქვეყანას დარტყმას აყენებს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტები ევროპის ძალიან ბევრ ქალაქში ხდება.
“რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევებს, საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ასევე რჩება, ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები, არ გამოირიცხება არა თუ საქართველოში, არამედ ევრობის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო, მთავარია დროულად ხდება ამაზე რეაგირება და რა თქმა უნდა დაგმობილია ჩვენგან, არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს და ასეც იქნება.
მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახის წევრების მიმართ, მართლაც სამწუხარო შემთხვევაა, ჩვენ ბოლომდე გვქონდა იმედი, რომ ცოცხალს ვიპოვიდით, ძალოვანი სტრუქტურები აქტიურად იყვნენ ჩართულები სამძებრო ღონისძიებებში, მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ შედეგს დადებს.
თუნდაც ასეთი ერთეული შემთხვევები რა თქმა უნდა ჩვენ დარტყმას გვაყენებს, რადგან გვინდა ვიყოთ იდეალურები, თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს, აგაცილებით უფრო განვითარებულ ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ ზოგჯერ ხდება კრიმინალური შემთხვევები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ერთეულ შემთხვევებად დარჩეს და მინიმუმამდე დავიყვანოთ ეს საფრთხე. ფაქტია, რომ სამწუხაროა, ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო კოვიდპანდემიის და ძალიან ცვალებადი ვითარების მიუხედავად, ისევ მასპინძლობდეს ათასობით ტურისტს“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.