ტურიზმი
25/02/2021

მთის კურორტების ასოციაცია: წინა დღეს რომ გეუბნებიან, ხვალ იხსნებიო, აბსურდია

მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია მთავრობას დაგვიანებული გადაწყვეტილების მიღების გამო აკრიტიკებს. გაერთიანების წარმომადგენელი, მირანდა ესაკია „ბიზნესპარტნიორტთან“ აცხადებს, რომ სასტუმროების გახსნასთან დაკავშირებით ბიზნესის 1 დღით ადრე ინფორმირება გაუმართლებელია.

„ნებისმიერი ღონისძიება ფინანსურად წარმატებული რომ იყოს, უნდა დაიგეგმოს დიდი ხნით ადრე. გასაგებია, რომ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაცია ცოტა უფრო ადრე უნდა გვქონოდა. ბევრ სასტუმროსთან მაქვს ურთიერთობა. ბევრისთვის თებერვალში გახსნასაც კი არ ჰქონდა აზრი. რომ დაიჯავშნოს და ფინანსურად საინტერესო იყოს, ეს ინფორმაცია მინიმუმ 1 თვით ადრე მაინც უნდა გავრცელებულიყო.

ზამთრის კურორტები ძირითადად ტურისტებზე ვართ დამოკიდებული. ვიცით, რომ ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა და ადამიანებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ დაჯავშნონ 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ასე, რომ ამ სეგმენტის სასტუმროებისთვის ასეთ გახსნას ფინანსურად არანაირი შედეგი არ ექნება. მით უმეტეს, წინა დღეს რომ გეუბნებიან, ხვალ იხსნებიო, ეს აბსურდია“,- აცხადებს ესაკია.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის პოპულისტური ნაბიჯია.

„მგონია, რომ ეს ჩვენ პრემიერის პოპულისტური გადაწყვეტილებაა. მარტი ზამთრის კურორტებისთვის ყოველთვის ე.წ ნელი სეზონია. ყველაზე ნაკლები შემოსავალი მარტში აქვს ხოლმე სასტუმროსაც, რესტორანსაც. კარგი თოვლის პირობებში სეზონი დაახლოებით 15-20 აპრილამდე გრძელდება. ყველაზე მთავარი აქ ის არის, რომ შეიძლება რაღაც ფინანსური სიკეთე მოუტანოს პატარა ბიზნესებს, კომუნალური გადასახადი რომ მაინც გადაიხადონ, მაგრამ ძალიან ცოტა დროა იმისთვის, რომ ეს გავაგებინოთ ჩვენს მომხმარებელს. მათ ბილეთი უნდა იყიდიონ, უნდა დაგეგმონ. ამიტომ მოვუწოდებდით მთავრობას დეკემბრიდან ინფორმაციის მოწოდებას. აი, დეკემბერში რომ ეთქვათ მარტში გაგხსნითო, რაღაცნაირად მოვახერხებდით ჯავშნების მომზადებას“,- ამბობს მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, გუშინ საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეიდან, 25 თებერვლიდან კურორტებზე არსებული სასტუმროები მუშაობის განახლებას შეძლებენ. 8 მარტიდან კი მთის კურორტებზე საბაგიროებიც ამუშავდება.