მთავრობა ტურიზმის სექტორისთვის ახალი სტრატეგიის მომზადებას გეგმავს
მთავრობა ტურიზმის სექტორსთვის ახალი სტრატეგიის მომზადებას გეგმავს, - აღნიშნულს სამთავრობო პროგრამა 2021 – 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ითვალისწინებს.
COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ინდუსტრიის აღდგენა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მომზადებული სტრატეგიული გეგმა კი, მოიცავს ტურიზმის სტრატეგია 2025-ის ადაპტირებას.
სამთავრობო გეგმაში ნათქვამია, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ახალი ბაზრების (ჩინეთი, აშშ და სხვ.) საბაზრო წილის ზრდას. COVID-19-ის მსოფლიოში გავრცელების ტენდენციის შესაბამისად, მოხდება მიზნობრივი ქვეყნების იდენტიფიცირება და, შესაბამისად, საერთაშორისო მარკეტინგული აქტივობების განხორციელება.
ასევე, 2023 წელს, საქართველო, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, წარდგება მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023.
გეგმა ითვალისწინებს, მიზნობრივ მარკეტინგულ აქტივობებს, ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს, ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებას, რითაც დაინერგება მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი.
საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შემუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები ისევე, როგორც გაფართოვდება არსებული პროექტები.
მოხდება „ღვინის გზის“ პროგრამის გაფართოება ახალი ხარისხის სტანდარტით. პროექტი მოიცავს ქვეყნის მასშტაბით არსებულ ღვინის იმ საოჯახო მარნებსა და საწარმოებს, რომლებიც ეწევიან მასპინძლობას ღვინის ტურიზმის ფარგლებში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მთის კურორტების განვითარებას. ამ მიზნით, მომდევნო წლების განმავლობაში, სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, თეთნულდი და ჰაწვალი) განვითარების მიზნით, განხორციელდება სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარება და „4 სეზონის“ ტურისტული პროდუქტების შექმნა.
2023 წელს, საქართველო უმასპინძლებს თხილამურსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს, ჩემპიონატის ჩატარებამდე კი აქ 12 საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება. აღნიშნული ჩემპიონატის მსვლელობისას საქართველოს ათასობით ვიზიტორი ეწვევა.