მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე, – გიორგი გახარია
დისტანციურად ჩართვა გვქონდა შტაბის წარმომადგენლებთან. ჩვენ გვიწევს, სამწუხაროდ, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული სპეციალური ღონისძიებების მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გადაადგილების გარკვეული შეზღუდვები იქნება, ისევე, როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები იმისთვის, რომ აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი.
„გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე. არაფერი საპანიკო არ არის. ჩვენ დეტალურად ვმართავთ ამ პროცესს. არანაირი რისკები არ არსებობს, ისეთი, რომელიც შეიძლება ემოციების საფუძველი გახდეს. წყნარად, მშვიდად, ეს იქნება მესტიაში სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც, სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ იქ გაძლიერებულ ტესტირებას. სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში სრულად არის მობილიზებული ჰოსპიტალური სისტემა, იმისთვის, რომ თუ გარკვეული რაოდენობრივი ზრდა გვექნება ინფიცირებულების, წყნარად, მშვიდად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ასევე ვმართოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიმა.