ფოტო: შალვა სუმბაძე
ტურიზმი
13/07/2021

მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში - Zrda-მ შედეგები შეაჯამა

მდგრადი ტურიზმის განვითარება თუშეთში - USAID-მა „ზრდა“ პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამა.

შედეგების გაანალიზებისას მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში თუშეთში აშენდა და მოეწყო სათემო სამაცივრე მეურნეობა (მზის ენერგიის სისტემით) ტურიზმისა და მომსახურების ბიზნესებისთვის; ასევე მოეწყო და აღიჭურვა საკემპინგე ადგილები ახალი ტურისტული ობიექტების შექმნისა და ტურისტული ნაკადის ზრდის მიზნით.

Zrda-მ ჩამოაყალიბა „ბაბანეურის ჯგუფი“ - კერძო და საჯარო სექტორის ერთიანი პლატფორმა, სადაც გაერთიანდნენ თუშეთის თემის ლიდერები, ადგილობრივი მთავრობა, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია (TPLA), სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორის წარმომადგენლები. „ბაბანეურის ჯგუფი“ არის ერთობა, რომელიც ადვოკატირებას უწევს თუშეთის მოსახლეობის, საჭიროებებსა და ინტერესებს ყველა დონეზე.

პროექტში ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიბებს შორისაა:

- გაკეთდა თუშეთის (ომალო) ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ახალი დიზაინი მომხმარებელზე მორგებული გარემოს შექმნის მიზნით.

- აღიჭურვა თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის (TPLA) რეინჯერების სადგური, მათ შორის მოეწყო მზის ენერგიის სისტება უწყვეტი ელექტროენერგიისათვის; რეინჯერებს გადაეცათ ზამთარ-ზაფხულის მაღალი კლასის უნიფორმები და აღჭურვილობა.

- თუშეთის 10 სოფელში მოეწყო კულტურული ტურიზმის, კერძოდ, კედლის მხატვრობის/პიქტოგრამების ტურისტული მარშრუტები, სოფლებში დამონტაჟდა საინფორმაციო დაფები, გზის მაჩვენებლები, დაიბეჭდა რუკები, მომზადდა და დაიბეჭდა ტურისტული გზამკვლევი.

- Google-ის წარმომადგენლობასთან ერთად განხორციელდა თუშეთის სრული გაციფრულება - მოხდა ბიზნესების, მუზეუმების და ყველა ტურისტული ობიექტების დატანა google რუკებზე, შეიქმნა კონტენტი და ფოტო მასალა ობიექტებზე.

- 40 საოჯახო სასტუმრომ მიიღო ბიზნესის განვითარების გრანტი სხვადასხვა მიმართულებით.

- 6 კვების ობიექტი აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით.

- შეიქმნა 10 ახალი მომსახურების ობიექტი (საკემპინგე სივრცე, საცხობი, ავტო-სერვისი და სხვა.).

- გადამზადდა 28 თუში რეწვის ოსტატი უძველესი რეწვის ტექნიკის შენარჩუნების, პოპულარიზაციისა და მარკეტინგიგისთვის, მოხდა ნაწილის ფინანსური მხარდაჭერა.

- 18 ფერმერი გადამზადდა და ფინანსური დახმარება გაეწიათ თაფლის, ხილისა და ბოსტნეულის წარმოების მიმართულებით.

- დაინერგა ტურ-გიდის სერტიფიცირებული სასწავლო პროგრამა ალვანის პროფესიულ სასწავლებელში „აისი“; სასწავლებელს გადაეცა კურსისთვის საჭირო მატერიალური -ტექნიკური ბაზა. უკვე გადამზადდა 20 ტურისტული გიდი.

- სასოფლო სამეურნეო პროგრამის პრაქტიკული კურსისთვის, სასწავლებელს „აისის“ ტერიტორიაზე დამონტაჟდა სადემონსტრაციო სათბური სრული აღჭურვილობით.

საერთო ჯამში, თუშეთში 170 ტრენინგ კურსი ჩატარდა სასათბურე მეურნეობის მართვის, სტუმარ-მასპინძლობის, ტურისტული სერვისების, ფერმერობასა და კულტურული ძეგლების დაცვის მიმართულებით.

12 საცხენოსნო გამყოლი გიდი Zrda-ს საერთაშორისო ექსპერტების მიერ სასერტიფიკატო პროგრამით გადამზადდა თბილისში და ასევე საფრანგეთში. გიდებს გადაეცათ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სრული საცხენოსნო ეკიპირება.

Zrda-ს დახმარებით, საქართველოს საცხენოსნო ტურიზმის და შორ მანძილზე რბოლის ასოციაცია (ERETA) გახდა მსოფლიო საცხენოსნო ტურიზმის ფედერაციის (FITE) წევრი.

თუშეთის კესელოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადაეცა აღჭურვილობა, არტეფაქტების სათანადო დაცვისა და ტურისტებზე უფრო მეტად მორგებული გარემოს მოსაწყობად.

Zrda-მ გაუწია დახმარება „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანებას“ უძველესი თუშური მარცვლების აღდგენისა და ქართული ხორბლის UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლის მიზნით.

განხორციელდა საინფორმაციო ტური 20 ქართული ტურ-ოპერატორისთვის თუშეთის ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციისთვის.

შეიქმნა ახალი ქართულ-ინგლისური ტურისტული პროდუქტი „თუშური ტაბლა“ ტრადიციული გასტრონომიისა და კერძების ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისთვის.

საერთო ჯამში კი, 2018-2021 წლებში Zrda-ს ინვესტიცია თუშეთში შეადგენს დაახლოებით 600,000 ლარს, რის შედეგადაც ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების გენერირებამ, მთლიანად ახმეტის მუნიციპალიტეტში, 4.1 მილიონ ლარს მიაღწია, რომლისგანაც ნახევარი მოდის თუშეთზე. ასევე, აღნიშნული ინვესტიციების შედეგად შეიქმნა 45 ახალი სამუშაო ადგილი.

Businesspartner