მაღალმთიან აჭარაში ეთნოსოფლები და ლაზური მეთევზეობის ატრაქციები მოეწყობა
მაღალმთიან აჭარაში ეთნოსოფლები და ლაზური მეთევზეობის ატრაქციები მოეწყობა.
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, შიდა ტურისტების მოსაზიდად აქტიურად ხორციელდება სხვადსხვა პროექტი.
„აჭარაში ჩამოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ უამრავი ღირსშესანიშნაობა, დააგემოვნონ კულინარიული შედევრები და აღმოაჩინონ სიახლეები, უკეთ გაიცნონ აჭარა“, – ამბობს თამარ კაიკაციშვლი.
მაღალმთიან აჭარაში უკვე მიმდინარეობს მთა ჩირუხის ინფრასტრუქტურის განვითარება, მაჭახელასა და ხაბელაშვილების ხიდის მიმდებარედ წისქვილების და ეთნო სოფლის მოწყობა, სადაც ვიზიტორთა ცენტრი და ყველა დამხმარე ნაგებობა იქნება, რაც ეთნოსოფლისთვის არის დამახასიათებელი.
ასევე, დაგეგმილია სარფი, გონიო–კვარიათის მიმართულებით ლაზური თემატიკის პროექტის გაკეთება, რაც გულისხმობს ლაზური მეთევზეობის, ნავების პროექტის აღდგენას. სამუშაოები დაწყებულია და და 2021 წლისთვის პროექტების უმრავლესობა დასრულებული იქნება.
შუახევის მუნიციპალიტეტში, სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის სპეციალური ინფრასტურქტურა მოეწყობა. ხიხანის ციხეზე ასასველელი ბილიკი გაკეთდება. შეიქმნება ხულოს მუნიციპალიტეტიდან შუახევისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს შორის მარშრუტები და ბილიკები.
„წელს საერთაშორისო მიმართულებით რეკლამას ვერ ვახორციელებთ, ამიტომ ჩვენი ძირითადი საქმიანობა გადართულია შიდა ტურიზმის მიმართულებით, რაც გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას აჭარის ულამაზეს ადგილებში. ასევე, ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, რომ სექტორი ახალი ცოდნით, ბევრად უფრო მომზადებული შეხვდეს ვიზიტორებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აჭარას უნიკალური შესაძლებლობები აქვს შემოდგომის პერიოდშიც, ვგულისხმობ დაცულ ტერიტორიებს, ციტრუსის რთველს და ყველას მოვუწოდებ, ჩაერთონ ამ ლამაზ სანახაობაში, რაც შავიზღვისპირა ზოლში გაგვაჩნია,“ – განუცხადა "ბიზნესპარტნიორს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა.
დაგეგმილი პროექტების გარდა, ბევრი ადგილია, რომლიც დიდი მოწონებით სარგებლობს შიდა ტურისტებშიც, მაგალითად; ბათუმის დელფინარიუმი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი, სადაც მოწყობილია გასართობი სივრცეები და თოკების პარკი, რაც თავგადასავლების მოყვარულთათვის შესანიშნავი ადგილია, ასევე ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, სარფი–გონიოსა და კვარიათის პლიაჟი. მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილი, ბეშუმი, ასევე, მწვანე ტბა, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ზონები, ბაგირი, რომელიც ტბის გარშემოა გაკეთებული.
„ციცინათელასა და მინიატურების პარკი კარგი საშუალებაა დამსვენებელი გაერთოს და სასიამოვნოდ გაატაროს დრო. ასევე, დენდროლოგიურ პარკს გახსნის დღიდან ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, ჩამოსულებიც და ადგილობრივი მოსახლეობაც. დარწმუნებით შემიძლაი გითხრათ, რომ აჭარაში ჩამოსული თითქმის ყველა ადამიანი ცდილობს დენდროლოგიური პარკს ესტუმროს. ყველანაირი პირობაა, რომ ამ ადგილებმა ღირსეულად უმასპინძლოს ვიზიტორებს,“ – ამბობს თამარ კაიკაციშვილი.
ფოტო: ajaratv.ge