ტურიზმი
05/05/2020

ლევან კარანაძე: ავიაბილეთები გაძვირდება, თუმცა ზრდას ავიასაწვავის გაიაფება დააბალანსებს

ავიაბილეთები, სავარაუდოდ, გაძვირდება, თუმცა ამ ზრდას ნაწილობრივ, საავიაციო საწვავის გაიაფება დააბალანსებს, – საავიაციო ბაზარის პერსპექტივაზე პროგნოზი „სამოქალაქო ავიაციის სააგეტნოს“ ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში გააკეთა.

ლევან კარანაძე ამბობს, რომ ავიაბილეთებსა და ავიაკომპანიების დატვირთულობასთან დაკავშირებით, მათი პროგნოზიც ნეგატიურია.

„ველით, რომ ზოგადად, შემცირდება მოთხოვნაც. ავიაკომპანიამ, რომ მოახერხოს ფრენების აღდგენა და განხორციელება, იმის გათვალისწინებით, რომ იქნება დაბალი დატვირთვა, სავარაუდოდ, იქნება გაზრდილი ფასები. ამას დაემატება რთულად შესასრულებელი ჯანდაცვის მოთხოვნები. ამისთვის აუცილებელია, რაციონალური და რაც მთავარია, კოორდინირებული გადაწყვეტილებების მიღება საერთაშორისო დონეზე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პროტოკოლი არ მოქმედებდეს, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს ავიამიმოსვლის აღდგენას“, – განაცხადა ლევან კარანაძემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ელიან, რომ ფასების ზრდას საავიაციო საწვავის გაიაფება დააბალანსებს.

„როგორც მოგეხსენებათ, ავიაკომპანიების დანახარჯების სტრუქტურაში 20-30% მოდის საავიაციო საწვავზე. იქიდან გამომდინარე, რომ  საწვავის ფასზე იქნება სერიოზული კლება, ნაადრევი იქნება კონკრეტული რიცხვის თქმა რამდენით გაძვირდება მგზავრობა და გაძვირდება თუ არა. სავარაუდოდ, გაძვირდება, თუმცა ამ გაძვირებას დააბალანსებს საავიაციო საწვავის გაიაფება“, – აღნიშნა კარანაძემ.

შეგახსენებთ, საჰაერო ტრანსპროტის საერთაშორისო ასოციაცია ავიაბილეთების 50%-იან გაძვირებას პროგნოზირებს.

Businesspartner